ბრალდებული ყოფილი ჩინოსნის, რომეო მიქაუტაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუსაბუთებელად და ნაჩქარევად აქვს წარდგენილი.
ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე პროცესზე, რომელიც დღეს 23 ივნისს იმართება, შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომ მიქაუტაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს. თუმცა საჭიროების შემთხვევაში, დაცვის მხარე მზად არის გირაოზეც იმსჯელოს.
„ბრალი სრულიად დაუსაბუთებელია. არ ჩანს, ვის მიმართავდა ან რას ეფუძნებოდა მისი გავლენები. როდის გახდა დანაშაული გამოცდილების გამოყენება?“ — განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.
ნემსიწვერიძის თქმით, პროკურატურა ყოფილ ჩინოსანს ედავება, თითქოს სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, თუმცა მისივე შეფასებით, აღნიშნული საქმიანობა არ არის მიჩნეული კომერციულად.
„მას არ ედავებიან ბიუჯეტის თანხების მითვისებას ან გაფლანგვას. ედავებიან, თითქოს მის ნაცნობობას და გამოცდილებას იყენებდა — კონკრეტიკის გარეშე. არ ჩანს, ვის მიმართავდა, რაში გამოიხატებოდა ეს გავლენა, ან რომელი კომპანიები სარგებლობდნენ მისი გავლენით“, — აღნიშნა ნემსიწვერიძემ.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ მიქაუტაძისა და მისი ოჯახის ფინანსური რესურსების წარმომავლობა ლეგალურია და შესაბამისი დოკუმენტაციით შეიძლება დადასტურდეს. მისი თქმით, ოჯახმა 5 მილიონი დოლარის ოდენობით სესხი აიღო, მიქაუტაძე კი 2017 წლამდე იყო ჩართული ბიზნესსაქმიანობაში — ფლობდა ორ ჰესს, რომლებიც მოგვიანებით გაყიდა.
„ბრალდების მხარე საუბრობს 600 ათას ევროზე, რომელიც საერთოდ მის მეუღლეს ეკუთვნის და არ განუხილავთ, როგორ მოხვდა ეს თანხა ბრალში. მინიმუმ მისი მეუღლე მაინც უნდა გამოეკითხათ. საუბარია 2.5 მლნ ლარზე, რაც მოიცავს ზემოხსენებულ თანხასა და ორ ავტომობილს. ამ ყველაფერს ახსნა აქვს“, — დასძინა ნემსიწვერიძემ.
ბექა ნემსიწვერიძე ასევე საეჭვოდ მიიჩნევს რამდენიმე მოწმის ჩვენებას. მისივე თქმით, მათ შინაარსში შესაძლოა, ზეწოლის ნიშნები იკითხებოდეს.
„ერთ-ერთი მოწმეა მარიამ ქსოვრელი, რომლის ჩვენებაც აჩენს ეჭვს, რომ მათზე შესაძლოა გარკვეული ზეწოლა განხორციელდა. ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა ნემსიწვერიძემ.
ბინები თბილისსა და მადრიდში, კრიპტოაქტივები... - როგორ შეიცვალა რომეო მიქაუტაძის ქონება 2017-2024 წლებში?
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს ბრალი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა.
პროკურატურის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში იკავებდა რა სხვადასხვა უწყებაში მაღალ თანამდებობებს, სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
სამართალდამცველებმა რომეო მიქაუტაძე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




























