მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომეო მიქაუტაძეს პატიმრობა შეეფარდა

რომეო მიქაუტაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დღეს, 23 ივნისს გამოაცხადა.

რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. უწყების მტკიცებით, ის სხვადასხვა დროს, კერძოდ კი 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე, როცა ეკონომიკის სამინისტროში მაღალი თანამდებობები ეკავა, სისტემურად იყენებდა თანამდებობრივ გავლენას ენერგეტიკის სფეროში კერძო პირებისთვის არამართლზომიერი უპირატესობების მისანიჭებლად.

გამოძიების მიხედვით, მიქაუტაძე სანაცნობო წრის, კავშირებისა და პოზიციის მეშვეობით უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა კონკრეტულ ბიზნესსუბიექტებს. სანაცვლოდ კი, როგორც სუსი ამბობს, იღებდა წილებს ენერგეტიკულ კომპანიებში, მათ შორის ჰესებსა და საწარმოებში – თუმცა ეს წილები ოფიციალურად მისი ნდობით აღჭურვილ პირებზე იყო გაფორმებული, რეალური მესაკუთრე კი თავად მიქაუტაძე იყო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები