15 დეკემბერს პარიზში სააუქციონო სახლი “Aguttes”-ი გასაყიდად 200-ზე მეტ ნივთს გამოიტანს, რომელთა შორისაც ბრაზილიელი რონალდოს მაისურიცაა, რომელიც ლეგენდარულ ფეხბურთელს 1998 წლის ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ ეცვა.
აღსანიშნავია, რომ ფინალის წინ რონალდოს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, როდესაც გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის გამოც მწვრთნელმა, მარიო ზაგალომ ის განაცხადს მიღმა დატოვა, თუმცა რონალდოს თხოვნით ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ამის მიუხედავად “ფენომენი” მოედანზე უფერულად გამოიყურებოდა და ფრანგებმა ანგარიშით 3-0 თავიანთ ისტორიაში პირველი მსოფლიოს ტიტული მოიპოვეს.
სააუქციონო სახლის განცხადებით რონალდოს ეკიპირება მატჩის მეორე ტაიმში ეცვა და ასეთ დიდებულ სპორტულ არტეფაქტს, რომელსაც თან თავად ბრაზილიელის ხელმოწერაც აქვს დართული, 40-დან 80 ათას ევრომდე აფასებს.
200 ნივთს შორის კიდევ ერთი გამორჩეული ლოტი დიად არგენტინელს დიეგო მარადონას უკავშირდება. კერძოდ, 2018 წელს დუბაიში ვიზიტისას დიეგოს თმა მისმა მეგობარმა სტეფანო ჩეჩიმ შეჭრა, ახლა კი 4 სანტიმეტრის სიგრძის შეჭრილი თმის ნაწილი მან აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. თმის ღირებულება 35-დან 50 ათას ევრომდეა შეფასებული და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, “Aguttes”-ის ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ აღნიშნულ ლოტზე დიდი მოთხოვნა იქნება.
ამ ნივთების გარდა აუქციონზე გამოტანილი იქნება 1996 წელს ევანდერ ჰოლიფილდის მიერ მოპოვებული საჩემპიონო ქამარი (სავარაუდო ფასი 40-80 ათას ევრო), როჯერ ფედერერის 2005 წლის უიმბლდონის ფინალში ენდი როდიკის წინააღმდეგ გამოყენებული ჩოგანი (სავარაუდო ფასი 10-15 ათასი ევრო) და სხვ.