კომპანია Rooms Hotel-მა 1.5 მლნ დოლარის ინვესტირებით პურ-ფუნთუშეულის ახალი საწარმოო ხაზი აამოქმედა. მაღალი ხარისხის ფქვილისგან პრემიუმ სეგმენტის პროდუქტი ბაზარზე პირველი ივნისიდან Rooms Bakery-ს ბრენდით ჩაეშვა.
ბიზნესის ახალი მიმართულებაზე სტუმარმასპინძლობის სექტორში მოქმედი კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ #რედაქტ2-ში ისაუბრა და გაიხსენა, საიდან გაჩნდა ახალი საწარმოს გახსნის იდეა.
“ჩვენ მომხმარებელს, ვისაც Rooms-ი უყვარს დავპირდით, რომ გავაკეთებდით Rooms Bakery-ს და ეს დაპირება შევასრულეთ. ბერლინში მუშაობისას, ჩვენმა კომპანიამ გააკეთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საცხობი Sofy Bakery, სადაც დილის 8 საათიდან რიგი დგას. ამ საცხობის მოწყობასა და გამართვაში კოპენჰაგენში ცნობილი შეფმზარეული ჩავრთეთ. ზოგადად, კოპენჰაგენმა ცხობის მიმართულებით რა განვითარებასაც მიაღწია, ამ კუთხით მას მსოფლიოში კონკურენტი არ ჰყავს. Rooms Bakery-ს წარმოების გასამართად საქართველოში კოპენჰაგენში ცნობილი შეფმზარეული ფრედერიკი ჩამოვიყვანეთ და დავიხმარეთ. ჩვენმა მზარეულებმა და თანამშრომლებმა აქ და კოპენჰაგენში გადამზადება გაიარეს, შესაბამისი აღჭურვილობა შევიძინეთ, რაც აუცილებელი იყო.
ამ ხაზის ასამოქმედებლად 1.5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ, ჩვენივე შენობაში განვათავსეთ. საცხობში დაახლოებით 27 ადამიანია დასაქმებული, ტრანსპორტირების ჩათვლით კი 32 სამუშაო ადგილს ვქმნით”, - აღნიშნა ჩეხერიამ.
მისი თქმით, Rooms Bakery-ს პურ-ფუნთუშეული Gastronom-ის ქსელში პირველი ივნისიდან გაიყიდება.
“ეს არის მჟავე ცომზე დამზადებული პური, კრუასანები და სხვა პურ-ფუნთუშეული. ჩვენ ჯგუფში შემავალი მეურნეობიდან ქართული ჯიშის ხორბლისა და იტალიური მაღალი ხარისხის ხორბლის ჯიშებია შერეული. ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის ფქვილი და შესაბამისად მაღალი ხარისხის პურ-ფუნთუშეული.
დღეისთვის Rooms Bakery-ს პურ-ფუნთუშეულით 4-5 რესტორანს ვამარაგებთ და პირველი ივნისიდან ჩვენი პროდუქტი Gastronom-ში იქნება წარმოდგენილი”, - ამბობს Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი.