სასტუმროების მმართველი კომპანია Rooms Hotel-ის პირველი კვარტალის შემოსავლებში, ახალი მიმართულებით დაფუძნებულ შვილობილ კომპანია Rooms Catering-ს 12%-იანი წილი უკავია.
მას შემდეგ რაც Adjara Group Holding-ში, ერთი წლის წინ, სასტუმროების მართვა კომპანია Rooms Hotel-ს დაექვემდებარა, კომპანიის ხელმძღვანელებმა ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ ახალი ბიზნესმიმართულებების განვითარება დაისახეს მიზნად. Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია #რედაქტ2-ში კომპანიის საქმიანობის 1 წლის შედეგებს დადებითად აფასებს. ის ამბობს, რომ მმართველი კომპანიის ქვეშ კვების მიმართულებით დაფუძნებული Rooms Catering ჯგუფის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
„უმაღლესი ხარისხი, ადგილობრივი პროდუქტები და ინოვაციური მენიუ - ასე ხდის ROOMS Catering-ი თითოეულ ღონისძიებას დასამახსოვრებელს“ - ამ კონცეფციითა და იდეით Rooms Hotel-ის ახალმა ბიზნესმიმართულებამ ღონისძიებებზე ქართული კერძებითა და თითოეულ მომხმარებელზე მორგებული მრავალფეროვანი მენიუებით მასპინძლობის ქართული ტრადიცია ქვეყნის გარეთაც გაიტანა. ვალერი ჩეხერია ყვება, რომ დღეს კომპანია ემსახურება ყველა მომხმარებელს განურჩევლად იმასა, სურთ მათ მცირე ღონისძიების ორგანიზება, თუ მასშტაბური მიღების გამართვა.
„Rooms Catering-ი ყოველთვის იყო ჩვენთან და ახლა ბაზარზე აქტიურად გამოვედით. ახალი გუნდით საქართველოში ყველაზე დიდ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ, რომელსაც 10 000 ადამიანი ესწრებოდა და ასეთი კორპორაციული ღონისძიება ალბათ საქართველოში არ ჩატარებულა. ამასთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ მანილაში, ADB-ის ღონისძიებაზე 500-კაციანი ქართული სუფრა გავაკეთეთ. ჩვენი ქეითერინგის ჯგუფი ემსახურებოდა მათ. ამ თანამშრომლობაზე, საქართველოში ჩამოსვლამდე თავად აზიის განვითარების ბანკის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ გაგვეცნო და ქართული ტრადიციები იქ ჩაგვეტანა. ასევე ჩვენ ვმასპინძლობდით ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას საქართველოში, სადაც 4 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 3 000-მდე ადამიანს ვიღებდით“, - ამბობს ვალერი ჩეხერია.
შესაბამისად, კვების სექტორში ბიზნესის განვითარებამ Rooms Hotel-ის ჯგუფის ფარგლებში ახალი ბიზნესიდეების განხორციელებას შეუწყო ხელი.
„ეს ძალიან დაგვეხმარა დაგეგმილი შემოსავლების გაზრდაში. Rooms Catering-ს მიერ კომპანიის შემოსავლებში დაგენერირებული წილი დაახლოებით 12%-ია. ეს არის გარე ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც ჩვენი სასტუმროების გარეთ ჩავატარეთ. ეს ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან კარგი დახმარება იყო, იმისთვის რომ დამატებითი იდეების განხორციელება შეგვძლებოდა“, - აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.