ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“, პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, საქართველოშია. უწყებამ მწარმოებლისგან 13 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი „ავასტინი“, „ალეცენზა“, „გაზივა“, „ზელბორაფი“, „კადსილა“, „მაბტერა“, „პერჯეტა“, „პოლივი“, „როზლიტრეკი“, „ტარცევა“, „ტეცენტრიკი“, „ფესგო“, „ჰერცეპტინი“ მნიშვნელოვანდ დაბალ ფასად შეიძინა. 2024 წლის იანვრიდან, პაციენტები, აღნიშნულ მედიკამენტებს , საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი, მედიკამენტებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, მნიშვნელოვნად ფართოვდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და იზრდება ბენეფიციართა მოცვა. შედეგად, თითოეული პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტროსგან, მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.
კომპანია „როშესთან“, ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმას აგრძელებს და მოლაპარაკებები მსოფლიოს იმ წამყვან მწარმოებლებთან აქვს, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის.
მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 2023 წლიდან კი, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ანუ ზედა ზღვარი დაწესდა. აღნიშნული ერთიანი რეფორმები, მედიკამენტების ფასის, საშუალოდ, 60%-ით შემცირების შესაძლებლობას იძლევა", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.