მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როცა კანონია, ვასრულებთ" - დამსაქმებელთა ასოციაცია "რუსული კანონის" რეესტრში დარეგისტრირდა

ელგუჯა მელაძე წერტილში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირდა. ინფორმაცია „რუსული კანონის“ რეესტრში უკვე აისახა.

ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ BMG-სთან „რუსული კანონის“ შინაარსსა და მიზნებში შესვლა ამ ეტაპზე არ ისურვა და აღნიშნა, რომ ბიზნესგაერთიანება კანონს ასრულებს.

- ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ ვართ ბიზნესგაერთიანება და კანონი რაც არის, ყველაფერს ვასრულებთ, შეძლებისდაგვარად. კანონი კარგია თუ ცუდი, ეს სხვა განხილვის თემაა, მაგრამ როცა მიღებულია, სხვა რა გზაა - უნდა დარეგისტრირდე. შეიძლება, ბევრი რეგულაცია, კანონი არ მოგვწონდეს, მაგრამ ხომ უნდა შევასრულოთ?!.. მოკლედ, როცა კანონია, ვასრულებთ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ვართ ევროპაში. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუ ვინმე ევროპული ორგანიზაციაა, ერთ-ერთი მათ შორის „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაა“. ჩვენ ვართ ევროპული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი, რითაც ძალიან ვამაყობთ.

- თუმცა ისიც ფაქტია, ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის გამო, მოგიწიათ ე.წ. „რუსული კანონის“ რეესტრში რეგისტრაცია...

- საჭიროა თუ არა ეს კანონი, ამის განხილვა სხვა თემაა...

- ისე მოგწონთ, რომ ამ კანონით თქვენ ხართ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი, ხოლო ევროპელ პარტნიორებს, ვინც განვითარებაში გეხმარებათ, კანონი „უცხო ძალას“ უწოდებს...

- [პარტნიორები] გვეხმარებიან განვითარებაში, გარკვეული სისტემების აწყობაში. გამოცდილებას და ცოდნას გვიზიარებენ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშია, რადგან ჩვენც გვინდა განვვითარდეთ.

- ასეთ მეგობრებს „უცხოური ძალა“ რომ უნდა ვუწოდოთ, უხერხული არაა?

- ცალკე განვიხილოთ ეს კანონი. ფართო თემაა და ფრთხილები უნდა ვიყოთ. შეიძლება რაღაც მომწონს, რაღაც - არა. ყველაფერი ხდება.

- შევთანხმდეთ, რომ მომავალ კვირაში ვრცლად ვისაუბროთ BMGtv-ზე.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას, ჯერჯერობით, „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე - 2028 წლამდე შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი - პოზიცია ღიად არ დაუფიქსირებია, თუმცა როგორც ელგუჯა მელაძე აცხადებს, ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.

- ასოციაციაში ბევრი წევრია. ყველას თავისი პოზიცია აქვს და ყველას პატივს ვცემ.

- ყველას არ უნდა ევროპულ გზაზე დაბრუნება?

- არ ვიცი, გამოკითხვა არ ჩამიტარებია, მაგრამ ყველას თავისი პოზიცია აქვს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ მე პირადად, ევროპული ორგანიზაციის შეხვედრაზე მივდივარ 19-20 დეკემბერს. დამსაქმებელთა ასოციაცია ევროპული ორგანიზაციის წევრია და ევროკავშირთან ვთანამშრომლობთ; ამას ალტერნატივა არ აქვს და აზრიც არც შეგვიცვლია. ამ საკითხში ასოციაცია ერთიანია. სხვა ორიენტაცია ჩვენ არ გვაქვს. ყველა ევროპისკენ ვართ. ასევე, არსებული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს და ყველაფერი უნდა დალაგდეს. მე პირადად, ყველანაირ ძალადობას ვგმობ, ყველა მხრიდან. მე არც ის არ მომწონს, რომ პოლიციელს ესვრიან ფოიერვერკს, რადგან ჩემი ქვეყანაა და არც პოლიციელების მიერ მოქალაქეებზე ძალადობა მომწონს. წაქცეულ ადამიანს რომ ურტყამენ, როგორ შეიძლება?! ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები