საქართველოს ბანკი - სუხიშვილების გენერალური სპონსორი.
სუხიშვილების ცეკვა სცენას სცდება - ის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიას, ხასიათსა და ადამიანებს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ანსამბლი მაყურებელს რეგიონებში შეხვდება.
სუხიშვილების მოგზაურობა ქუთაისში იწყება - ქალაქში, რომელიც თავადაც ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე ცხოვრების განსაკუთრებულ სინთეზს ქმნის.
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე წარდგებიან და მაყურებელს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიას მოუყვებიან, ცეკვაში თქმულს.
ქუთაისი - ქალაქი, რომელიც სუხიშვილების მსგავსად ახლისა და ძველის სინთეზია
შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ ქალაქში იმართება ნაციონალური ბალეტის რეგიონული კონცერტი. ქუთაისი იმერეთის გულია - ქალაქი, რომლის ისტორიაც საუკუნეებს ითვლის და რომელიც დღემდე საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად რჩება. სულ მალე კი აქ, ქუთაისის სცენაზე, სუხიშვილების თითქმის საუკუნოვანი ქორეოგრაფიული მემკვიდრეობა გაცოცხლდება.
სუხიშვილები - ცეკვაში თქმულნი
„ვინ მოთვლის რამდენი დღე და წელიწადი გასულა ვარჯიშში, ვიდრე ახალი ცეკვა დაიდგმებოდა. ტრენაჟი, ილეთი, რეპეტიცია, ანთებული თვალები, დაღლა, წუთიერი შესვენება და კვლავ ვარჯიში, ვარჯიში, ვარჯიში!“
ეს სიტყვები ქართული ცეკვის ლეგენდას, ნინო რამიშვილს ეკუთვნის. სწორედ მისი და უფროსი ილიკო სუხიშვილის შრომამ, დისციპლინამ და სიყვარულმა შექმნა ქართული ნაციონალური ბალეტის საფუძველი. „სუხიშვილების“ გზა კი ეროვნული სიამაყის სიმბოლომდე მარტივი არ ყოფილა.
წლების განმავლობაში უფროსმა ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა საქართველოს კუთხეები მოიარეს, შეისწავლეს ადგილობრივი ფოლკლორი, მოძრაობები, ხასიათი და ტრადიციები, რათა ეს მრავალფეროვნება სცენაზე ქართული ცეკვის ენით გადმოეტანათ.
თითოეული დადგმა თავისი რიტმით, მუხტითა და განწყობით ქართული კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნებას ასახავს. თუმცა, ის, რაც დღეს კლასიკაა, მაშინ თამამი და გაბედული ნაბიჯი იყო, რის გამოც ანსამბლს მწვავედ აკრიტიკებდნენ.
მაგალითისთვის, “შეჯიბრი” - ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის გამოგონილი ცეკვაა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და იდეალურად ასახავს ქართულ ხასიათს.
მთავარი სცენა საქართველოა
როგორც სუხიშვილების ვიდეორგოლშია ნათქვამი, „ეს ცეკვა არ არის - ეს ჩვენ ვართ, ცეკვაში თქმულნი.“ სუხიშვილების თითოეული დადგმაც სწორედ ამ იდეას აგრძელებს.
„ის შეიძლება დაიბადოს მთაში, ველზე, შრომისას თუ ზეიმის დროს. იქ, სადაც ადამიანებს საერთო ისტორია, მიწა და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა აერთიანებთ.“
ქუთაისელ მაყურებელს კი შესაძლებლობა ექნება, ამ ყველაფრის ნაწილი თავადაც გახდეს და სცენაზე როგორც უკვე კლასიკად ქცეული, ისე ახალი დადგმები იხილოს.
მათ შორის მთის ცეკვები, როგორებიცაა: “ხანჯლური”, “სვანური” და “ხევსურული”, განსხვავებულად მტკიცე ხასიათით სრულდება.
მაგალითად, „ჯუთა“ და „ცდო“, რომელიც ქართული სოფლის სახელებია და განსაკუთრებით იზიდავს უცხოელ მაყურებელს.
ასევე “ნანილა”, რომლის შექმნის იდეა ძველი სვანური იავნანადან წამოვიდა. ეს არის ოთხი ქალის მიერ შესრულებული სვანური ცეკვა, რომლის დროსაც ისინი თითქოს ბავშვს არწევენ. კაბები კი ზარის ფორმისაა.
სუხიშვილებისთვის ქუთაისის სცენაზე დაბრუნება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რადგან, როგორც ნინო სუხიშვილი აღნიშნავს, მსოფლიოს წამყვან სცენებზე გამოსვლის მიუხედავად, ყველაზე კრიტიკული მაყურებელი მაინც სამშობლოშია. სწორედ ამიტომ, მთავარი სცენა საქართველოა.




























