მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"როცა პოლიტიკურ ველზე არ არის ერთობა, ძალიან რთულია ბიზნესს მოსთხოვო..." - ინტერვიუ

ბესო ორთოიძე

ბიზნესი მუდმივად წინა ხაზზე ვერ იქნება“ - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ კომპანია არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ წამყვანის კითხვას - ხომ არ ადაპტირდა ბიზნესი იმ რეალობაში, სადაც დღეს საქართველოა“.

აღსანიშნავია, რომ ბესო ორთოიძე იმ ბიზნესმენებს შორისაა, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნის გამო, ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებდა და დღესაც მიაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირის გზაზე [სვლა] შეჩერებულია".

- რით ხსნით ბიზნესში იმ ფაქტს, რომ მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისა, რატომაც ნეგატიური მოლოდინები გქონდათ მიმართებით, ოფიციალური სტატისტიკით ეკონომიკა იზრდება და ფაქტია, ბიზნესშიც, მათ შორის სამშენებლო სექტორში სტაბილურობაა. ერთგვარად ადაპტირდა ბიზნესი?

- ფაქტია, გარკვეული ეკონომიკური სტაბილურობა არსებობს... მაგალითად, სამშენებლო ბიზნესში, [უძრავ ქონებაზე] მოთხოვნა არის, ხომ?! ერთია, რომ პირადად მქონდეს პროტესტი და მაქვს კიდეც და ხშირად და ღიად დამიფიქსირებია აზრი [ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე], მაგრამ ბიზნესის კუთხით თუ შევაფასებთ, ბიზნესში ყველაფერი ნორმალურად მიდის - მოთხოვნა არსებობს, ადამიანები უძრავ ქონებას ყიდულობენ, აშენებ, ხელფასებს იხდი, დასაქმებული გყავს ადამიანები... რა რჩება ალტერნატივად?! - შენ თვითონვე უნდა გააჩერო მიმდინარე პროექტები და რაღაცას დაელოდო?!

- რა თქმა უნდა, არა.

- შესაბამისად, გრძელდება [საქმიანობა]. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთია, რა პოზიცია გაგვაჩნია და მეორეა - ბიზნესში რა ხდება. წინა წლის დეკემბერში, საკმაოდ ხმამაღლა გვესმოდა ხომ ბიზნესის ხმა?! მე პირადად ასეთი ხმამაღალი ბიზნესი არ მახსოვს...

- დიახ, გვესმოდა, მაგრამ შემდეგ თითქოს ბიზნესი გაჩუმდა...

- დიახ, გაჩუმდა, იმიტომ, რომ...

- აზრი არ აქვს არაფერს?

- არა, განგრძობადი, ეს ვერ იქნებოდა, ხომ?! მაგას უნდა მოჰყოლოდა რაღაც სტაბილურობა, პოლიტიკურ ველზე რაღაც უნდა მომხდარიყო და არაფერი არ ხდება. შესაბამისად, ასეთ დროს ბიზნესი მუდმივად წინა ხაზზე ვერ იქნება, ხომ?!

- ლოგიკურია, რომ ფრთხილია ბიზნესიც...

- დიახ, ლოგიკურია; [ბიზნესი] მოწყვლადია, განსაკუთრებით გარკვეული დარგები. ხედავდით, რომ არც ბიზნესში არ იყო ერთობა მაგ ნაწილში, მაგრამ როცა პოლიტიკურ ველზე არ არის ერთობა, ძალიან რთულია ბიზნესს მოსთხოვო...

- რა სჭირდება საქართველოს სტაბილური განვითარებისთვის?

- გრძელვადიანი გეგმა... ამ შემთხვევაში, ბიზნესის და ქვეყნის განვითარება დიდად არ განსხვავდება. ბიზნესიც რომ სტაბილურად განავითარო, გჭირდება გრძელვადიანი გეგმა და ხედვა, რაც ქვეყანასაც სჭირდება... ჩემი პირადი მოსაზრებით, ეს გეგმა უნდა მიდიოდეს ევროკავშირისკენ, რადგან [იქაა] განვითარება და სტაბილურობა, ამიტომაც ნებისმიერი კვლევა რომ ავიღოთ, მათ შორის, სახელმწიფო რასაც ატარებს, ყოველთვის ევროკავშირის ქვეყნებთან ხდება შედარება...

- დღეს, საქართველოს მიდის ევროკავშირისკენ?

- ჩემი აზრით, დღეს, ევროკავშირის გზაზე [სვლა] გაჩერებულია.

- წერტილი რას დავუსვათ საქართველოში?

- უპირველეს ყოვლისა, უსამართლობას უნდა დავუსვათ წერტილი. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სამართალი და სასამართლო მთავარი ინსტიტუტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები