პირველი იანვრიდან სიგარეტზე და გასახურებელ თამბაქოზე აქციზი გაიზარდა. ამ გადაწყვეტილების მოტივაციად საქართველოს პარლამენტმა ორი მთავარი ასპექტი დაასახელა – თამბაქოს მოხმარების და ამ გზით ზიანის შემცირება და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა.
კანონის განმარტებითი ბარათი არ მოიცავს ანალიზს კონტრაბანდული პროდუქციის შესახებ. აბუდაბიში, წლის ბოლოს გამართულ ტექნოვაციების კონფერენციაზე „ანალიტიკა“–ს მთავარი აქცენტი სწორედ ეს იყო – რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კონტრაბანდის ზრდამ ორივე ამ ასპექტზე – ზიანის შემცირებაზე და შემოსავლების გათვლილი ოდენობით მობილიზებაზე.
ინტერვიუების ბოლო სერიაში ვესაუბრებით კარდიომეტაბოლური მიმართულების ექიმს, დოქტორ როჰან ანდრადე დე სეკეირას.
- ჩემი მთავარი თემაა კონტრაბანდა, ამიტომ ამ ჭრილში დაგისვამთ პირველ შეკითხვას: რა ტიპის ჯანმრთელობის რისკები დგება კონტრაბანდული სიგარეტის მოხმარებისას?
- თამბაქო, სიგარეტი რა ფორმითაც არ უნდა ავიღოთ ის, იქნება კონტრაბანდული თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში საზიანოა გულისთვის, დიაბეტისთვის, ადამიანებისთვის, რომელთაც, ზოგადად, ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. განსაკუთრებული დარტყმა მიაქვს ფილტვებზე. როცა სიგარეტი ბაზარზე ლეგალურად შემოდის, მისი ინგრედიენტები გაკონტროლებულია, მაგრამ როცა ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტი შემოდის, არავინ იცის, რა ინგრედიენტები შედის სიგარეტში, რა დოზით შეიცავს ის ნიკოტინს, რა ტიპის ფილტრია გამოყენებული, რა ტიპის ქაღალდშია გახვეული და ა.შ. – არაფერი არ კონტროლდება. ეს ზრდის სწორედ ჯანმრთელობის რისკებს.
- ნიკოტინზე იმდენ ინფორმაციას ვხვდებით, რომ რთულია გაერკვე, რა არის სიმართლე და რა – დეზინფორმაცია. რა როლი აქვს ნიკოტინს?
- ნიკოტინი ნივთიერებაა, რომელიც გვხვდება როგორც თამბაქოში, ისე, მაგალითად, ბანანში. ბევრი ხილი და ბოსტნეულია, რომელიც ნიკოტინს შეიცავს. კლასიფიკაციის მიხედვით, ნიკოტინი სტიმულანტია – ძალიან ჰგავს, კოფეინს, რაც ყავაში გვხვდება დიდი რაოდენობით და ჰგავს ასევე, თიომობრინს, რაც შოკოლადში გვხვდება დიდი დოზით. როცა ნიკოტინს ვიღებთ, ტვინი გამოყოფს დოპამინს. დოპამინი ბედნიერების ჰორმონია.
- კიბო შეიძლება ყველა ამ პროდუქტმა გამოიწვიოს?
- ეს ყველაზე დიდი დეზინფორმაციაა, რაც ნიკოტინის შესახებ გესმით ხოლმე. მეცნიერებას არ დაუდგენია, რომ ნიკოტინი სიმსივნის გამომწვევია. მაგრამ როცა სიგარეტს ეწევი, წვის დროს გამოიყოფა ბევრი ნივთიერება, რომელმაც შეიძლება სიმსივნე გამოიწვიოს. თამბაქო სხვა კომპონენტებსაც შეიცავს, ბევრ სხვა ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც ამ რისკს ძალიან ზრდის. ეს იწვევს ფილტვების დაავადებებს, გულის არეში ბლოკადა – ყველა ის გამოწვევა, რასაც მწეველები ყოველდღიურად ებრძვიან. რადგან თამბაქო იმისთვის გამოიყენება, რომ ნიკოტინის დოზა მიიღოს ადამიანმა, ნიკოტინი გაიგივდა თამბაქოსთან და ავტომატურად შეიძინა უარყოფითი დატვირთვა.
- რომ დავაზუსტოთ – რეაქცია, რომელიც მიიღება სიგარეტის წვის დროს – ეს არის პრობლემა და არა თავად ნიკოტინი – ამას მეუბნებით?
- დიახ. ასეა. ნებისმიერ სხვა სტიმულანტსაც რომ შეხედოთ – იქნება ეს ნიკოტინი თუ კოფეინი – თუ დოზას გადავაჭარბებ, პრობლემა შემექმნება – 10 ფინჯანი ჩაი ან ყავაც საზიანო იქნება ჩემი ჯანმრთელობისთვის – გამოიწვევს გულის აჩქარებას, სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ზომიერებაა დასაცავი. პრობლემა სწორედ ის არის, რომ სტიმულანტი რადგანაც არის, ადამიანები ზედმეტად ბევრს მოიხმარენ ხოლმე. აქ არის კონტროლი საჭირო.
- გამოდის, ზიანი შეიძლება მაშინაც შემცირდეს, თუ ნიკოტინი დარჩება? რას აჩვენებს თქვენი სამედიცინო პრაქტიკა ამ თვალსაზრისით?
- აქ მთავარი საკითხი ის არის, რომ ნიკოტინმა იცის მიჩვევა. მიჩვევა იცის შაქარმაც. ადამიანები ვართ, ბევრი რამის მიმართ გვიყალიბდება დამოკიდებულება. მობილურ ტელეფონებზეც კი ვართ დამოკიდებულები. ეს იმიტომ ხდება, რომ რაზეც დამოკიდებული ვხდებით, ის დოპამინის გამოყოფას უწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, ჩვენი დამოკიდებულების მიზეზი დოპამინია. ზიანის შემცირება არის ზიანის მოხსნა ნიკოტინის მიწოდების პროცესში. როგორი ტიპის თამბაქოზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ - მოსაწევზე თუ დასაღეჭზე – ნებისმიერ შემთხვევაში, თავად თამბაქოა პრობლემა და არა – ნიკოტინი. ამდენად, ზიანის შემცირება გულისხმობს თამბაქოდან ნიკოტინის იმგვარად გამიჯვნას, რომ ის ცალკე მიიღოს მომხმარებელმა. ნიკოტინი უნდა გათავისუფლდეს მინარევებისგან და სხვა ნივთიერებებისგან, რომ ზიანი შემცირდეს.
- ეს დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ? არიან ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ ჯერ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ტექნოლოგიების ჩარევით, ზიანი მართლაც მცირდება. რა გაქვთ ამაზე სათქმელი?
- კვლევით ორგანიზაციებს შესწავლილი აქვთ როგორც ჩვეულებრივი, ისე კონტრაბანდული პროდუქცია. როცა რაიმეს კრძალავ, ბაზარს უხსნი კონტრაბანდულ პროდუქციას.
- რასაც ვერ აკონტროლებ..
- დიახ. მაგრამ თუ არსებობს რეგულაცია – მთავრობა იღებს არა მხოლოდ შემოსავალს, მათ ასევე შეუძლიათ კომპონენტების გაკონტროლებაც და მწარმოებლებიც ანგარიშვალდებულები ხდებიან, მიაწოდონ ეს ინფორმაცია მთავრობას. ეს ტექნოლოგიები დანერგილია ბევრგან – ევროკავშირში, კანადაში, იაპონიაში – მტკიცებულებები არსებობს, რომ ზიანი მცირდება.
- და ალბათ უნდა დავაზუსტოთ ისიც, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ხალხზე, რომელსაც არ უნდა მოწევას თავი დაანებოს, თორემ საუკეთესო გზა, ცხადია, ეს არის.
- თავის დანებება ძალიან რთულია. აბა, სცადეთ და ნუ მიიღებთ შაქარს ერთი წლის განმავლობაში. გაგიჭირდებათ იმიტომ, რომ ტვინის დაძლევა ძალიან რთულია.
- ამ კონტექსტში, როგორ აფასებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკას, რომელიც დიდწილად არ იმჩნევს, რომ ასეთი ადამიანებიც არსებობენ?
- გაერთიანებულმა სამეფომ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, რომ ნიკოტინს იგივე ეფექტი აქვს, რაც რამდენიმე ფინჯან ყავას. ამ განცხადებამდე – და ამაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც აქვს თავისი წვლილი შეტანილი – ნიკოტინის აქტიური დემონიზება მიმდინარეობდა და ამას არ აქვს კავშირი არც ტექნოლოგიებთან, ალტერნატიულ საშუალებებთან, რადგან იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული პროდუქტები აკრძალულია, ნიკოტინის შემცველი ტრადიციული სიგარეტი ჩვეულებრივ იყიდება. ეს კი იმის ფონზე, რომ ამ ნაწილში უტყუარი მტკიცებულებები არსებობს – მოწევის გამო, ყოველწლიურად ქვეყანაში 8.5 მილიონი ადამიანი კვდება. 6 მილიონს კლავს დიაბეტი. მეტი ადამიანი კვდება სიგარეტის მოწევის გამო. 1.5 მილიონი კვდება ავარიის შედეგად, 2.9 მილიონი კვდება ფილტვების დაავადებებით. სიმსივნე დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს კლავს. პასიური მწეველობაც კლავს ადამიანებს. 8 მილიონი კვდება იმიტომ, რომ თავად ეწევა სიგარეტს, 1.5 მილიონი კვდება იმიტომ, რომ პასიური მომხმარებელია – ოჯახის წევრები, ბავშვები. ზიანის შემცირება ამიტომაც არის მნიშვნელოვანი – გაძლევს შესაძლებლობას, დაიცვა ისინიც, ვისაც პასიურად მოწევა უწევს. სიგარეტის ალტერნატივების ლოგიკა ესეც არის – შემცირდეს პასიური მწეველობა.
- ისმის თქვენი ხმა? აი, უფრო ფართოდ რომ შევხედოთ ექიმებს, სამედიცინო წრეებს, სამეცნიერო წრეებს ..
- დიახ. შეიძლება არც ისე ხმამაღლა, როგორც ვისურვებდი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით ეს მოცემულობები და მათი რიცხვი მზარდია. მეტი ადამიანი იღებს ინიციატივას, ატარებს დამოუკიდებელ კვლევებს – ისინი თავიანთ მტკიცებულებებს აგროვებენ. მათთვის უფრო აშკარად ჩანს იმის საჭიროება, რომ კიდევ ერთხელ გადამოწმდეს ის გზავნილები, რაც განსაკუთრებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა განმტკიცებული. თუკი თეთრზე დიდხანს გეუბნებიან შავიაო, თქვენც იჯერებთ, რომ შავია. ინფორმაციის მიწოდება კონკრეტული პერსპექტივიდან ხდება.
- მაგრამ იგივე შეიძლება ინდუსტრიაზეც ითქვას. მეტიც, იგივე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი არგუმენტი ამ კვლევებთან მიმართებით ზუსტად ის არის, რომ კვლევების უმრავლესობას თავად ინდუსტრია ატარებს ან უკვეთავს – დაბალანსებული თუ ობიექტური წყაროები არ არსებობენ. ამაზე რას მეტყვით?
- ვინ ამზადებს წამალს? ფარმაცევტული კომპანიები. არსებობს, რაიმე ობიექტური წყარო, რომელიც იტყვის, რომ რომელიმე წამალი უნდა დამზადდეს ან არ უნდა დამზადდეს? მე გულს და ჰორმონებს ვმკურნალობ – როცა ბაზარზე ახალი მედიკამენტი ჩნდება, კვლევა უკვე ჩატარებულია. ამ ფულს შენ ობიექტური წყაროდან ვერ მოიზიდავ, რადგან მილიონები შეიძლება დასჭირდეს ერთი აბის დამზადებას. ინვესტორები კომპანიები არიან. ისინი აბანდებენ ამ ფულს, რადგან ზუსტად იციან, რომ ყოველი შემდეგი მედიკამენტი, წინაზე უკეთესი იქნება. ეს ზიანის შემცირებაში შეტანილი წვლილია. ეს ეხება ნებისმიერ ინდუსტრიას. მათ შორის, თამბაქოსაც. ამ კომპანიებსაც აქვთ უფლება თქვან, რომ უკეთეს მომავალში სურთ ინვესტირება. ადამიანების ნაწილი მოწევას თავს არ დაანებებს. არ დაანებებს თავს ალკოჰოლის მიღებას. მაგრამ როცა კორპორაციული პასუხისმგებლობა გაქვს, რომელიც ინდუსტრიიდან მოდის და მათ სურთ თავიანთი გამოცდილების მიმართვა უკეთესი პროდუქტის შესამუშავებლად, ეს, სულ მცირე, კარგი ინიციატივაა. ჰორიზონტს მიღმა ეძებენ გამოსავალს. ცდილობენ პოზიტიურ შედეგს მიაღწიონ. ეს რატომ უნდა შეზღუდო?

























