"ემ ქეი გრუპის" დამფუძნებელი მალხაზ კუნელაური ამბობს, რომ უძრავი ქონების სექტორში რისკები გაზრდილია, რაც ქვეყნის ევროპული კურსის შეჩერებიდან მომდინარეობს. მისი შეფასებით, ბაზარზე ყველაფერი რიგზე რომ არ არის, ბანკების მიერ ბიზნესს პორტფელის დაფინანსებისგან თავშეკავებაც ადასტურებს.
კუნელაური მიიჩნევს, რომ იანვარში თბილისში ბინების გაყიდვების შემცირება კარგი მაჩვენებელია იმის, თუ რა მდგომარეობაა სექტორში.
„ვგულშემატკივრობ იმას, რომ ბიზნესს გარემო იყოს კარგი არა მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან, არამედ გარედანაც. ჩვენ ბიზნესი, განყენებული არ ვართ. დარგი ახერხებს თავის შენარჩუნებას, ლიკვიდურობის შენარჩუნებას, თუმცა აქვს გამოწვევები, რადგან არის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მონაწილე.
როცა სასიკვდილო დაავადება გაწუხებს, შეიძლება ფეხზე იდგე, მაგრამ არ ნიშნავს რომ ჯანმრთელი ხარ.
როდესაც შენ კონკრეტული გარემოს ან კლანის მიმართ ხარ მოწყვლადი და მის სასიამოვნოდ შეიძლება იქცეოდე, ამაში შენ რეალურად რაღაცას გიხდიან. ეს არის თამაშის წესი, ასეთ დროს ჯანსაღი გარემო ვერასდროს იქნება. ამიტომ გარემო უნდა იყოს არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის ლამაზად დანახული, არამედ ამ გარემოში ჩვენც უნდა ვჩანდეთ, ის სუბიექტები ვინც ამ ბაზარზე კეთილსინდისიერი თამაშის წესებით თამაშობენ და ამ ორგანოებსაც იგივე წესებს სთავაზობენ.
იყო თიბისი კაპიტალის კვლევა რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში უძრავი ქონების ფასი ჩამორჩება ევროპულს, მაგრამ დინამიკაში ის თანდათან გაუთანაბრდება და გაიზრდება იმის პარალელურად როგორც კი საქართველოს ევროკავშირს დაუახლოვდება. მე ჯერ არსად წამიკითხავს კვლევა თუ რა ტიპის მოლოდინები შეიძლება გვქონდეს ქვეყანაში, რომელსაც ევროპული პერსპექტივა არ აქვს.“ - განაცხადა კუნელაურმა BMG tv-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“, სადაც დარგის წარმომადგენლებში უძრავი ქონების სექტორში არსებულ ბოლო ტენდენციები შეაფასეს.