"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჰესების მშენებლობის გარეშე ენერგეტიკაში თვითკმარობაზე საუბარი ვერ იქნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატ სოზარ სუბარის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს სადაც დასჭირდება შესაბამისი ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტი იქ აშენდება.
"ჰესებთან მიმართებით აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვიცით ამასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას, უცხოეთიდან არაგამჭვირვალედ დაფინანსებული NGO-ები გამოჰყავდათ იმისთვის, რომ ეს პროექტი დაებლოკათ. ეს არის აბსოლუტურად არაჯანსაღი მიდგომა. ვიღაცას მოეჩვენა, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული. შეიძლება, რაღაც ობიექტური მიზეზებიც იყო მაშინ თავის დროზე. დღეს არის სხვა მდგომარეობა. სადაც სახელმწიფოს სჭირდება შესაბამისი ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა, ყველა ობიექტი აშენდება.
როცა ვსაუბრობთ თვითკმარობაზე, 10 ათას მეგავატზე, რა თქმა უნდა, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და განვითარების გარეშე ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული და არათუ თვითკმარობაზე ვერ ვისაუბრებთ, ეკონომიკურ ზრდას ვერ დაეწევა ენერგეტიკის განვითარება. აქ ვიქნებით აბსოლუტურად პრინციპულები.
სახელმწიფო არის დღეს ძალიან ძლიერი და ნებისმიერ მცდელობას, რომ ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განვითარებას, სახელმწიფო სათანადოდ დაუპირისპირდება“,- განაცხადა კობახიძემ.