მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Routes Awards 2025-ზე easyJet-ი საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა

easyjet

ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet, რომელმაც საქართველოში ფრენა წელს დაიწყო, ჰონკონგში გამართულ საავიაციო ფორუმზე, Routes Awards 2025-ზე, საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელეს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Routes Award-ის ჟიურიმ, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი აეროპორტებისა და საავიაციო ინდუსტრიის გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ბრიტანული ავიაკომპანიის ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე გააკეთეს, რომელთა შორისა თბილისიც არის.

ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან ჯამურად კვირაში 6 სიხშირით ასრულებს.

აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოსთვის easyJet-ის ქსელში ჩართვა ნიშნავს რეგიონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად პოზიციონირებას.

"საქართველოსთვის easyJet-ის ქსელში ჩართვა განსაკუთრებული შესაძლებლობაა, ხოლო თბილისის, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანია easyJet-ის ახალ სტრატეგიული მიმართულებად დასახელება პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების ზრდას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა იოსელიანმა.

easyJet-ის ჯილდოსთან დაკავშირებით კომენტარი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემაც გააკეთა.

„easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმეთვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის. კამპანიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ე.წ. როუდშოუ, ჩვენ ვუმასპინძლეთ უცხოური მედიის წარმომადგენლებს. სწორედ ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ easyJet-ის მომხმარებლებში თბილისი პოპულარული მიმართულება გამხდარიყო“, - აცხადებს ომიაძე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის აგვისტოში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სარეკლამო კამპანიის ორგანიზების მომსახურების შესყიდვის მიზნით ავიაკომპანიასთან 53 100 ევროს ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები