სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულმა 2021-2022 წლების სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტმა, ადმინისტრაციებში სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებული ხარვეზები გამოავლინა.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში არ არის სათანადოდ სისტემატიზებული მგზავრობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოება. ეს მიუთითებს კონტროლის სისტემის ნაკლოვანებაზე და ზრდის არასათანადოდ გაწეული სამივლინებო ხარჯების რისკს.
"ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებული პირის მიერ წარმოდგენილ ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტაციას არ ახლავს თვითმფრინავში ჩასხდომის ან/და ელექტრონული ბილეთები. აღნიშნული მივლინებების რეალობის შესახებ რწმუნება აუდიტის ჯგუფმა მოიპოვა ალტერნატიული პროცედურების განხორციელების შედეგად", - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის ანგარიშში სრული საბიუჯეტო მაჩვენებლები, რაც მივლინებებზე დაიხარჯა მითითებული არაა. რეკომენდაციის სახით აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ რწმუნებულების ოფისებმა სამივლინებო ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია უნდა აწარმოონ. კერძოდ, დოკუმენტაციაში სხვა შესაბამის საბუთებთან ერთად სრულად უნდა იყოს ასახული ჩასხდომის ბარათები და ელექტრონული ბილეთები.




























