მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის მტკიცებით, წიწამურში gwp-ის დაზიანებულ მილსადენზე სამშენებლო ნაგვის და გრუნტის დაყრა მისი თანამდებობის ყოფნის პერიოდში არ მომხდარა, დანარჩენს კი, გამოძიება დაადგენს. ნოზაძე თანამდებობას 2021 წლის 9 თებერვლიდან იკავებს.
GWP-ში თავდაპირველად ამბობდნენ, რომ გრუნტი, რომელიც მაგისტრალურ წყლის მილსადენზეა და რომელიც ადგილზე სამუშაოებს ართულებს, მესამე პირების მხრიდან წლების განმავლობაში, 2017 წლიდან იყრებოდა, თუმცა შემდეგ ჩვენება შეიცვალა და ეს ყველაფერი ბუნებრივ პროცესებს დაბრალდა, კომპანიაში თქვეს, რომ საკითხის მოკვლევა დაიწყება. გამოძიება დაიწყო შსს-მაც.
ნოზაძე ამბობს, რომ მიმდინარეობდა მონიტორინგი, რომ სამშენებლო ნარჩენები მილსადენზე არ განთავსებულიყო.
"რაც შეეხება უშუალოდ ამ ადგილზე სხვადასხვა სახის ნარჩენების განთავსებას, იყო თუ არა შესაძლებელი, ამაზე უწყებებს შესაბამისი რეაგირება გაკეთებული აქვთ. რა თქმა უნდა, რა რეაგირებაც საჭირო იქნება, მოხდება დამატებითი რეაგირება. ამ დროისთვის რაც ვიცით, ძალიან ინტენსიურად 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. ველოდებით, რომ უახლოეს დღეებში აღდგება [წყალმომარაგება].
ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მე, რაც აქ ვმუშაობ რეგიონში, ამ პერიოდში არ მომხდარა დაყრა. ახლა თუ იყო რამე, ბოლო პერიოდში ეს ყველაფერი გაირკვევა. რაც შეეხება ძველ დაყრილს, ამაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. ყოველ შემთხვევაში, იქ რაც ვმუშაობ, რა თქმა უნდა ვაქცევდით ამას ყურადღებას რომ არ მომხდარიყო მსგავსი სახის ნარჩენების განთავსება, ეს ნამდვილად არ მიმდინარეობდა. თუ რამე იყო, გამოჩნდება და იქნება რეაგირება", - განაცხადა ნოზაძემ.
ცნობისთვის: სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. შემთხვევა 17 ივნისს მოხდა. მას შემდეგ დედაქალაქის ნაწილს წყალი გრაფიკით ან საერთოდ არ მიეწოდება.