საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობა იწყება. მხარეებმა შეთანხმებას ხელი 10 ოქტომბერს უნდა მოაწერონ. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ახალი ბაზრის გახსნა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვას მნიშვნელოვნად ვერ გაზრდის.
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატაში აღნიშნავენ, რომ მთავარი პრობლემა ლოგისტიკა და პროდუქციის წარმადობაა.
“რთულია, ჩვენმა პროდუქტმა, თუნდაც ერთ წელიწადში დაიმკვიდროს იქ ადგილი, სანამ ლოგისტიკის პრობლემა არ მოიხსნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. თუნდაც ლურჯი მოცვი ავიღოთ. გარკვეულ დონეზე ხდებოდა და ხდება მიწოდება, მაგრამ ეს არ არის ის, რის შესაძლებლობასაც ბაზარი იძლევა. დღემდე რაც მიდიოდა, სატელეფონო აპარატურა, მანქანების ნაწილი, სიგარები და ა.შ. ეს ისედაც ხდება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ დამატებით რა შეიცვლება”, - განაცხადა დავით ცირდავამ.
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, გამოწვევაა კონტაქტებიც. როგორც დავით ცირდავა BMG-თან აღნიშნავს არაბეთის ბაზარზე ქართულ კომპანიებს კონკურენციის გაწევა ინდოეთის, ირანის, რუსეთის და თურქეთის კომპანიებთან უწევთ, რაც მარტივი არ არის.
ცნობისთვის, საქართველო - არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს $400 მილიონზე მეტი შეადგინა.




























