მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთველი 2024-ის სუბსიდიის სახით "მოსავლის მართვის კომპანია" ₾10 მილიონს მიიღებს

რთველი

შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მიმდინარე წლის რთველის პერიოდში ჭარბი/დაზიანებული ყურძნის შესყიდვა გადამუშავების ნაწილობრივ დაფინანსების მიზნით, სუბსიდიის სახით 6 მილიონი ლარის ნაცვლად, 10 მილიონ ლარს მიიღებს. ამის შესახებ მთავრობის 26 დეკემბრის განკარგულებაშია საუბარი, რომლითაც რთველის შესახებ 15 ივნისის განკარგულებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო კომპანიისთვის თანხის ჩარიცხვა სოფლის განვითარების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს. თანხა კი "ერთიანი აგროპროექტის პროგრამის" "ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებების" ქვეპროგრამის ასიგნებებიდან გამოიყოფა.

საგულისხმოა, რომ 2024 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ თავდაპირველი დადგენილებაში 21 ოქტომბერს შესული ცვლილებით განისაზღვრა, რომ შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" სუბსიდიის სახით 6 მლნ ლარი უნდა მიეღო.

შეგახსენებთ, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ. საფერავის ჯიშის ყურძენს 1.5 ლარად იბარებდა.

მთავრობამ ყურძნის სუბსიდირება 2008 წელს დაიწყო. ამ გადაწყვეტილების თავდაპირველი მიზანი 2006 წელს, ღვინოზე დაწესებული რუსული ემბარგოს უარყოფითი ზეგავლენის შერბილება და მევენახეობისა და მეღვინეობის დარგების წახალისება იყო. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ 2021 წელს რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული 138 მილიონამდე ლარი დახარჯა.

მიმდინარე წელს კი სუბსიდირების თავდაპირველი ბიუჯეტი 85 მლნ ლარი იყო, საიდანაც 35 მლნ ლარი კერძო კომპანიების მიერ 1 კგ. რქაწითლის მინიმუმ 1 ლარად ჩაბარებას მოხმარდა, ხოლო 50 მილიონი ლარი - ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის სახელმწიფოს მიერ შესყიდვას. თუმცა რთველის დაწყების შემდეგ მთავრობამ დამატებით 32 მლნ ლარი გამოყო, საიდანაც 6 მლნ ლარი რთველის პერიოდში ჭარბი/დაზიანებული ყურძნის შესყიდვისა და გადამუშავების ნაწილობრივი დაფინანსებისთვის იყო განსაზღვრული, 26 მლნ ლარი კი იმ მევენახეებისთვის, რომლებმაც მოსავლის მართვის კომპანიას 1 კგ. საფერავი 1.5 ლარზე ნაკლებ ფასად ჩააბარეს. თუმცა ეს 6 მლნ ლარი 10 მლნ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, წელს სუბსიდირება გადასახადის გადამხდელებს 121 მლნ ლარი დაუჯდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები