მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთველის სუბსიდირება იწყება - მთავრობამ 50-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა

60fff86bc8932
შოთა ტყეშელაშვილი
27.07.21 21:20
1441
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 50-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. კერძოდ, მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული შპს "მოსავლის მართვის კომპანია" კახეთის რაიონში მცხოვრები მევენახეებისგან პირდაპირი გზით შეიძენს ყურძენს და მისგან ღვინო-მასალას და საკონიაკე სპირტს დაამზადებს. 

2021 წლის განახლებული ბიუჯეტით, მთავრობა მიმდინარე წლის რთველზე რეკორდული სუბსიდიის - 138.4 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.  შესაბამისად, წინასაარჩევნოდ კახელი და რაჭველი მევენახეები მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო დახმარებას მიიღებენ.

მთავრობა უკვე წლებია რთველის სუბსიდირების პროგრამას აფინანსებს. სუბსიდირების პირობების თანახმად, მთავრობა მის საკუთრებაში არსებულ ღვინის ქარხნებს ("აკურას" და "მოსავლის მართვის კომპანიას") ყურძნის შესყიდვას ავალებს და პროცესს სახელმწიფო სუბსიდიით აფინანსებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის ქარხნები შემდგომ ამ ყურძენს გადაამუშავებენ და მისგან სპირტს და ღვინო-მასალას აწარმოებენ, რაც შემდგომში აუქციონების გზით იყიდება და მას საკუთარ პროდუქციაში ღვინის და კონიაკის კერძო მწარმოებლები იყენებენ. მთავრობის განცხადებით, სუბსიდიის არსებული მოდელი საჭიროა, რათა ბაზარზე "ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს".

BMG-ის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2015-2020 წლებში სახელმწიფომ მევენახეთა სუბსიდირებაზე 212 მილიონი ლარი დახარჯა, რითაც 285 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა. მათ შორის, ყველაზე დიდი - 87.1 მილიონი ლარის შესყიდვა 2020 წელს განხორციელდა, რითაც მთავრობამ 95 ათასი ტონა ყურძენი შეიძინა.

სუბსიდირების პროგრამით ნაყიდი ყურძნისგან მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო კომპანია სპირტს და ღვინო-მასალას ამზადებს, რასაც შემდეგ საბითუმო ბაზარზე ყიდის.

BMG-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მიერ სუბსიდირების გზით ჩაბარებული ყურძნისგან სახელმწიფო კომპანიებმა 239 მილიონი ლარის ღირებულების სპირტი და ღვინო-მასალა დაამზადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები