რუანდაში 2029 წელს ფორმულა 1-ის გრან-პრის ჩატარების თაობაზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. ამის შესახებ რუანდის განვითარების საბჭოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
ფორმულა 1 უკვე რამდენიმე წელია აფრიკაში დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. კონტინენტზე ბოლოს რბოლა 1993 წელს გაიმართა, სამხრეთ აფრიკის გრან-პრი კაიალამის ტრასაზე, რომელიც ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონმა ალენ პროსტმა მოიგო.
რუანდის განვითარების საბჭოს CEO-ს, ჟან-გი აფრიკას განცხადებით F1-თან მოლაპარაკებები წინ მიიწევს, თუმცა ის დაკავშირებულია ქვეყანაში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობასთან.
“ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ 2029 წელს აქ შესაძლო ფორმულა 1-ის ღონისძიება ჩატარდეს. ჩვენ რეალურად გვინდა, აეროპორტი გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა, პრაქტიკულად ავაშენოთ სრულიად ახალი ქალაქი. ასე რომ, F1 ტრასა, რომლის აშენებაც მოგვიწევს, მთელი გასართობი ინფრასტრუქტურის იდეაა, რადგან F1-ისთვის ხალხი ძირითადად გართობისთვის ჩამოდის. ეს ერთი კვირის ღონისძიებაა“, - განაცხადა მან.
აფრიკამ დაამატა, რომ ამ ადგილმა შესაძლოა მომავალში ფორმულა 2-ისა და ფორმულა 3-ის რბოლებსაც უმასპინძლოს.
ფორმულა 1-ის წყაროები ადასტურებენ, რომ რუანდა ამჟამად აფრიკაში ყველაზე წინ წასული კანდიდატია მომავალი რბოლის მასპინძლობისთვის, თუმცა აღნიშნეს, რომ თარიღი ჯერ საბოლოოდ განსაზღვრული არ არის და 2030 წელიც განიხილება.
2026 წლის ფორმულა 1-ის კალენდარში შედის:
ევროპა — 10 რბოლა
აზია — 7
ჩრდილოეთ ამერიკა — 5
სამხრეთ ამერიკა — 1
ოკეანეთი — 1
შეერთებული შტატები უმასპინძლებს სამ გრან-პრის, ხოლო ესპანეთი ორს.
რუანდის დედაქალაქმა კიგალიმ 2024 წელს უმასპინძლა FIA-ს დაჯილდოების ცერემონიას, სადაც კაგამემ დაადასტურა ქვეყნის სურვილი, განაცხადი შეიტანოს F1-ის რბოლაზე.
ცნობისთვის, აქამდე მხოლოდ ორ აფრიკულ ქვეყანას უმასპინძლებია ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის რბოლისთვის - მაროკოსა და სამხრეთ აფრიკას.
პირველი იყო მაროკო, 1958 წლის მაროკოს გრან-პრი აინ-დიაბის ტრასაზე. სტირლინგ მოსი გახდა პირველი და ერთადერთი მრბოლელი, რომელმაც ამ ქვეყანაში ფორმულა 1-ის რბოლა მოიგო.
სამხრეთ აფრიკამ პირველად 1962 წელს უმასპინძლა გრან-პრის პრინც ჯორჯის ქუჩის ტრასაზე, ქალაქ ისტ ლონდონში.
1967 წელს რბოლა კაიალამიზე გადავიდა და კალენდარში 1985 წლამდე დარჩა. 1986 წელს რბოლა გაუქმდა სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის პოლიტიკის გამო. აპარტეიდის გაუქმების შემდეგ, კაიალამი კალენდარში დაბრუნდა 1992 და 1993 წლებში.


























