პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, დღეს, საქართველოსა და რუანდას, სეიშელთან, ისლანდიასთან და სერბეთთან ორმხრივი საავიაციო შეთანხმებების რატიფიცირების შესახებ იმსჯელებენ.
საავიაციო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებები განსაზღვრავენ ამ სექტორში ორმხრივი პარტნიორობის ზოგად პრინციპებს და ისინი 1944 წლის 7 დეკემბრის ჩიკაგოს საავიაციო კონვენციის პირობებს ეფუძნება.
"შეთანხმებით რეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება. შეთანხმებაში დეკლარირებულია სამოქალაქო ავიაციის დარგში დღეისათვის მოქმედი ძირითადი პრინციპები მრავალმხრივი შეთანხმებების/კონვენციების სახით და მათი შესრულება და დაცვა სავალდებულო პირობას წარმოადგენს მხარეთათვის.
შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველების მხრიდან ინტერმოდალური გადაზიდვებისა და ასევე სახმელეთო მომსახურების განხორციელებას. წარმოდგენილ შეთანხმებაში აისახა სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ლიბერალური კურსი, რომლის შესაბამისად ავიასაწარმოებს ეძლევათ საშუალება დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, რომელიც დამოკიდებული იქნება არსებული პერიოდისათვის საავიაციო ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება (შეიძლება განხორციელდეს, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ჰაერის მე-5 თავისუფლების მინიჭების საკითხს", - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
შეთანხმების შედეგად ხელშეკრულების მხარეების მიერ დანიშნული ავიაკომპანიები შემდეგი უფლებებით ისარგებლებენ:
- მეორე ხელმშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაფრენის გარეშე გადაფრენის განხორციელების უფლების;
- მეორე მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით დაფრენის;
- დანართების დებულებების შესაბამისად განსაზღვრულ მარშრუტებზე ბორტზე აყვანის და გადმოსხან მგზავრები, ტვირთი, ბარგი, ფოსტა ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის უფლება.
ეს უფლებები შეთანხმების მონაწილე ყველა სახელმწიფოსთან მოქმედებს, გარდა რუანდასი. ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ პირველი ორი უფლების ამოქმედებაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი ავიაკომპანია მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩაფრენისას ამ ხელშეკრულებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება, თუ ბორტზე არსებული მოწყობილობები, მარაგები და სურსათი ხომალდზე რჩება.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები დადებული აქვს ისრაელთან, ბელარუსტან, ინდოეთთან, ბაჰრეინის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოებთან.
"შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და მეორე მხარეს შორის რეგულარულის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, ორი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესთან დაკმაყოფილებას, თავისუფალი კონკურენციის განვითარებას, მომსახურების პირობების ამაღლებასა და ტურიზმის განვითარებას" - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ხელშეკრულებების განმარტებით ბარათში, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.




























