რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი მიმართულება ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტები, არითმოლოგიურ სერვისებს უკვე ადგილზე იღებენ.
"მომსახურება უპრეცედენტოა რეგიონში, რადგან აღნიშნული, მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური სერვისისთვის, ბენეფიციარებს, დედაქალაქში უწევდათ წასვლა, ახლა კი კლინიკაშია ხელმისაწვდომი.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელების განცხადებით, პაციენტებს, მომსახურებას თბილისიდან მიწვეული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ. მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში, არითმოლოგიური სერვისების სრული სპექტრი მოქმედებს. მათ შორის — კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია, რომელიც პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში რიტმის დარღვევების პრევენციის მიზნით უტარდება; შესაძლებელია ერთკამერიანი, ორკამერიანი და სამკამერიანი კარდიოსტიმულატორების იმპლანტაცია. ასევე, კლინიკაში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის არითმიების დიაგნოსტიკა, მართვა და კათეტერული აბლაცია.
აღსანიშნავია, რომ კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, ამ და სხვა ნებისმიერი სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი, ისე - ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ",- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავის მხრივ, „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაწესებულებაა, ბევრი ახალი მიმართულება ამოქმედდება.
„ადამიანი და მასზე ზრუნვა კვლავ რჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. როგორც კი შესაძლებლობა ჩნდება და საბედნიეროდ, ეკონომიკური წინსვლის გათვალისწინებით, ეს შესაძლებლობები ნამდვილად არის, მათ მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით ვიყენებთ. ამიტომ, ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. მათ შორისაა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარება, რომელიც ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულებაა. კლინიკაში, ხელმისაწვდომი გახდება ახალი სერვისები. ძალიან ბევრი სიახლე ელოდება არა მხოლოდ რეგიონის მაცხოვრებლებს, არამედ სამედიცინო დაწესებულების ყველა ბენეფიციარს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მთელი წლის განმავლობაში, ბევრი ახალი მომსახურება დაინერგა. თუმცა, არის გარკვეული სერვისები, რომლებსაც პაციენტები, დედაქალაქში ან სხვა დიდ ქალაქებში იღებენ.
„საბედნიეროდ, მალე, ყველაფერი, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, მარტივად მიიღონ საჭირო სერვისები. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, კლინიკაში, უკვე ამოქმედდა არითმოლოგიის მიმართულება - კონსულტაციით დაწყებული, მანიპულაციებით დასრულებული. და ასე გაგრძელდება მომდევნო წელსაც - ეს იქნება მუდმივად მზარდი დაწესებულება, სადაც ყველა საჭირო, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული კერების შექმნაზეც ისაუბრა, მათ შორის ყურადღება გაამახვილა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარებასა და სახელმწიფოს მხრიდან, სამედიცინო სერვისების ფინანსურ მხარდაჭერაზე.
„ამასთან, მედიცინა მუდმივად ვითარდება, ინერგება სიახლეები როგორც მედიკამენტების, ისე მეთოდოლოგიის თვალსაზრისით. ჩნდება ახალი სამკურნალო საშუალებები, ან ვითარდება სერვისები, მაგალითად, ონკოლოგიის მკურნალობის მიმართულებით, რომლებიც, აუცილებლად დასანერგია ქვეყანაში და ბუნებრივია, ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.




























