მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუმინეთის არმია ჩერნავოდის ატომური ელექტროსადგურისთვის წყლის ნაკადის შესანარჩუნებლად საგანგებო ოპერაციას ატარებს

 ჩერნავოდი

რუმინეთის არმია დუნაიზე საგანგებო საინჟინრო ოპერაციას ატარებს, რომლის მიზანია ჩერნავოდის ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი რეაქტორის უწყვეტი მუშაობისთვის საჭირო წყლის ნაკადის შენარჩუნება.

ოპერაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ხანგრძლივი გვალვის გამო დუნაის წყლის დონე ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და ქვეყნის ენერგოსისტემაზე დამატებითი ზეწოლა შეიქმნა.

რუმინეთის სამხედროები მდინარეში მდებარე კლდის აფეთქებას გეგმავენ, რათა წყლის დინება შეიცვალოს და მეტი წყალი ჩერნავოდის ატომური ელექტროსადგურისკენ მიემართოს. ამ მიზნით უკვე განხორციელდა ორი საცდელი აფეთქება, თუმცა მოსალოდნელი შედეგი ვერ მიიღეს.

რუმინეთის საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილის, კონტრადმირალ მარსელ ნეკულაეს განცხადებით, სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ კლდე პირველი ორი აფეთქების შემდეგ დაიშლებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ქანი მოსალოდნელზე გაცილებით მყარია.

მისივე თქმით, საზღვაო ძალების მყვინთავები აფეთქებების შედეგებს შეაფასებენ, რის შემდეგაც ოპერაცია გაგრძელდება. დაგეგმილია რამდენიმე ცალკეული აფეთქების განხორციელება, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება, რათა კლდე საბოლოოდ დაიშალოს და წყლის ნაკადის გადამისამართება მოხერხდეს.

ჩერნავოდის ატომური ელექტროსადგური რუმინეთის ელექტროენერგიის წარმოების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ხოლო მისი რეაქტორების გაგრილების სისტემა დუნაის წყალს იყენებს. ამიტომ მდინარის დონის მკვეთრი შემცირება სადგურის სტაბილურ მუშაობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები