ქართული ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანია „რუმორმა“ საწარმოო შესაძლებლობები გააორმაგა. კომპანიამ სექტემბრიდან თბილისში ახალ საწარმოში გადაინაცვლა, სადაც მანქანა-დანადგარების მიმართულებით ₾30 000-ის ინვესტიცია განახორციელა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, მარიამ გოგიბედაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ინვესტიცია კომპანიის მოგებიდან დაფინანსდა.
„რუმორი“ ამჟამად ძირითადად კორპორაციული უნიფორმების წარმოებაზეა კონცენტრირებული. დამფუძნებლის განმარტებით, საკუთარი საწარმოს ამოქმედების შემდეგ B2B მიმართულებით მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ კომპანიამ ქალის ყოველდღიური ტანსაცმლის კოლექციების წარმოება დროებით შეაჩერა.
„ვინც „რუმორის“ განვითარების ეტაპებს თვალს ადევნებს, კარგად იცის, რომ საწყის ეტაპზე „რუმორი“ ქალის ყოველდღიური გამოსასვლელი ტანსაცმლის ბრენდი იყო. მას შემდეგ, რაც საკუთარი წარმოება გავაკეთეთ და მუშაობა B2B მიმართულებით დავიწყეთ, ამ მიმართულებაზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ რაღაც თავისთავად მოხდა - კოლექციების ნაწილი დაპაუზდა. იქიდან გამომდინარე, რომ მე ბიზნესის მაგისტრი ვარ და არა მოდისა და დიზაინის სპეციალისტი, ამ გადაწყვეტილებას თავისი ლოგიკაც ჰქონდა და დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, საწარმო მთლიანად ბიზნესმიმართულებას დავუთმეთ“, - განაცხადა მარიამ გოგიბედაშვილმა.
მისივე თქმით, უნიფორმა კომპანიებისთვის მხოლოდ სამუშაო ტანსაცმელი არ არის და ბრენდის ცნობადობის გაზრდასაც ემსახურება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს მთელი სამუშაო დღის განმავლობაში კომფორტული ტანსაცმელი ეცვათ.
„სამუშაო ტანსაცმელი, რომელიც ისეთ პოზიციებზე აცვიათ, სადაც თანამშრომლებს მომხმარებლები ყოველდღიურად ხედავენ, მაგალითად, ქსელურ მარკეტებსა თუ რესტორნებში, კომპანიისთვის ერთგვარი მარკეტინგული აქსესუარიც არის. ბრენდინგის ის ნაწილი, რომელიც მომხმარებელსა და სტუმარს ამახსოვრდება, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, როცა თანამშრომლებს კომფორტული, ბუნებრივი ტანსაცმელი აცვიათ, რომლის ტარებაც დღის განმავლობაში დაახლოებით რვა საათის განმავლობაში უწევთ, ეს მათ შრომის ნაყოფიერებაზეც დადებითად აისახება“, - აღნიშნა მან.
კომპანიის პარტნიორებს შორის არიან „PSP ჯგუფი“, „ნიკორა“, „მადარტი“, „გასტრონომ ჯგუფი“ და 2026 წელს დამატებული „ამბოლი“. მარიამ გოგიბედაშვილის თქმით, მსხვილ ბიზნესებთან თანამშრომლობა კომპანიას სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება.
ახალ საწარმოში გაფართოებული შესაძლებლობები „რუმორს“ საშუალებას აძლევს, კორპორაციული შეკვეთების პარალელურად, საკუთარი კოლექციების წარმოებაც განაახლოს. ამ ეტაპზე კომპანია სპორტული ტანსაცმლის ახალ ხაზზე მუშაობს, რომლის პირველი მოდელების გაყიდვაში ჩაშვება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება.
„კოლექციების მიმართულება ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მომხმარებელთან ურთიერთობის, ყოველდღიური გზავნილებისა და ონლაინ შეკვეთების გამო. გადავწყვიტე, რომ გაზრდილი წარმოების ფარგლებში უკვე გვაქვს იმის შესაძლებლობა, კოლექციებზეც ვიმუშაოთ. დავამატე სპორტული ხაზი, რომელსაც თავისი კონცეფცია აქვს - ის ადამიანის დუალურ ბუნებას ეხება, რადგან ვფიქრობ, რომ ადამიანში ერთდროულად არის სიმშვიდე და ენერგია, პასუხისმგებლობა და მისი საპირისპირო თვისებები, სიმტკიცე და სირბილე. მომინდა, ეს ყველაფერი ტანსაცმელში გადმომეტანა“, - განაცხადა „რუმორის“ დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, კოლექციაში ორი ფერი და მომრგვალებული გეომეტრიული ფორმები იქნება გამოყენებული. გარკვეული თარგები და მოდელები უკვე მზად არის. ამ დროისთვის კომპანიის საწარმოში დაახლოებით 15 ადამიანია დასაქმებული. გაზრდილი წარმადობის შედეგად „რუმორი“ მეტი დამკვეთისა და პარტნიორის მიღებასაც გეგმავს.
























