მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუპერტ მერდოკის მედიაიმპერიას - Fox-ს, Wall Street Journal-სა და New York Post-ს - მისი შვილი გადაიბარებს

fox

მრავალწლიანი მემკვიდრეობითი ბრძოლა დასრულდა - რუპერტ მერდოკის კონსერვატიული მედიაიმპერიის ფლობაზე სასამართლო დავა მედიამაგნატის მიერ არჩეული ვაჟის, ლაკლან მერდოკისთვის მედიაჯგუფზე სრული კონტროლის გადაბარებით დაგვირგვინდა.

ოჯახის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება, უზრუნველყოფს, რომ სამომავლოდ, 94 წლის რუპერტ მერდოკის გარდაცვალების შემდეგ, Fox News-მა, The Wall Street Journal-მა და The New York Post-მა კონსერვატიული მიდრეკილება შეინარჩუნონ.

შეთანხმების თანახმად, ლაკლან მერდოკი ახალ ტრასტს სრულად გააკონტროლებს, მისი სამი და-ძმა კი, რომლებიც მემკვიდრეობისთვის იბრძოდნენ, Fox-ისა და News Corp-ის წილებით ნებისმიერი ტრასტის ბენეფიციარობას წყვეტენ.

მედიამაგნატსა და მის შვილებს შორის გაზეთებისა და სატელევიზიო ქსელის საოჯახო ბიზნესზე დავა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. მედროკის უფრო "ზომიერი" პოლიტიკური ხედვის მქონე უფროს შვილებს Fox-სა და News Corp-ში საკუთარი წილების გაყიდვა დაევალათ. ამიერიდან ისინი ახალი ტრასტის ბენეფიციარები იქნებიან, რომელიც დაფინანსებას News Crop-ის 14.2 მილიონი, ხოლო Fox Corp-ის 16.9 მილიონი აქციის გაყიდვის შედეგად მიიღებს.

New York Times-ის თანახმად, მერდოკის სამი შვილი - პრუდენსი, ელიზაბეტი და ჯეიმსი - $1.1 მილიარდს მიიღებენ. მათი აქციების გაყიდვით მიღებული შემოსავალი მათსავე მემკვიდრეობას დაემატება, თუმცა ოჯახური ბიზნესის პოლიტიკურ მიკერძოებაზე გავლენის მოხდენა სამივე მათგანს ეკრძალება.

აღსანიშნავია, რომ ჯეიმს მერდოკი ერთ-ერთი იყო, რომელიც Fox News-ის მემარჯვენა სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა და ფულს დემოკრატთა მხარდამჭერ ორგანიზაციებში ღიად რიცხავდა. ჯეიმსის წარმომადგენლები ხშირად საუბრობდნენ სცენარაზე, რომელშიც, მამის გარდაცვალების შემთხვევაში, სამი და-ძმა ლაკლან მერდოკის გარეშე გაუძღვებოდა იმპერიას, რადგან თავად ლაკლანი მამის ხედვებს იზიარებს და ამჟამად ორივე კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარეა.

მას შემდეგ, რაც რუპერტ მერდოკმა ტრასტის ლაკლანთან ერთად მართვა და კონტროლის კონსოლიდაცია მოინდომა, სამმა შვილმა მამის გადაწყვეტილება ნევადას სასამართლოში გაასაჩივრეს. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ საქმე დალუქა, დავის შესახებ ინფორმაციამ მაინც გამოჟონა. სასამართლომ რუპერტ მერდოკის გამამტყუნებელი განაჩენი გასულ ზამთარს გამოიტანა, რის შემდეგაც მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რაც რუპერტის მიერ მემკვიდრედ არჩეული ვაჟისთვის იმპერიის გადაბარების დასრულდა.

რუპერტ მერდოკს 6 შვილი ჰყავს - მისი უმცროსი ქალიშვილები, გრეისი და ქლოი, წილებსა და საკონტროლო აქციებს ლაკლანის კონტროლის ქვეშ მოხვედრილ ორივე კომპანიაში მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები