რუსეთში სოციალური ქსელების მომხმარებლებს, რომელთა ყოველდღიური აუდიტორიაც 1 000-ზე მეტი ადამიანისგან შედგება, სავარაუდოდ, პირადი ინფორმაციის „როსკომნადზორში“ (RKN) დარეგისტრირება მოუწევთ - ამის შესახებ რუსული მედია TASS იტყობინება.
როგორც „როსკომნადზორის” პრესსამსახურში TASS-ს განუცხადეს, კანონის თანახმად, მასობრივ მედიაში გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, თან უნდა ახლდეს სანდო ინფორმაცია მისი მფლობელის, ან გამავრცელებლის შესახებ, იმ დოზით, რაც საკმარისი იქნება მათი იდენტიფიცირებისთვის - RKN-ის ინფორმაციით, მსგავსი მოთხოვნა პერსონალურ პროფილებზეც ვრცელდება, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, აღსრულება არ ხდება.
სწორედ ამ სიტუაციის შესაცვლელად, “როსკომნადზორმა” - რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი მედიის მარეგულირებელმა - მიიღო გადაწყვეტილება, მოთხოვნა სოციალური ქსელების იმ მომხმარებლებზე გაევრცელებინა, რომელთა ყოველდღიური აუდიტორიაც ათას ადამიანს აღემატება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბლოგერებს მოუწევთ, პერსონალური მონაცემები - სრული სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია RKN-ს გაუგზავნონ, რუსულ კომპანიებს კი ისეთი გვერდების საშუალებით, რომელთა მფლობელებიც RKN-ში არ დარეგისტრირებულან, რეკლამის გავრცელება აეკრძალებათ.
RKN-ის ინიციატივას რუსული დუმას დეპუტატი, ანტონ გორელკინიც გამოეხმაურა, რომელმაც თავის Telegram არხზე აღნიშნა, რომ 2024 წელი გარდამტეხი იქნება ინტერნეტში ანონიმურობასთან ბრძოლაში. მისივე განცხადებით, ბლოგერების მიერ” როსკომნადზორში” დარეგისტრირება არ უნდა შევადაროთ მედიასაშუალებათა რეგისტრაციას ან ბლოგერთა რეესტრის შექმნის მცდელობას - მისი განცხადებით “უფრო მიზანშეწონილია გავიხსენოთ ფედერალური კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის სავალდებულო ინფორმირებას, ამ ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების შესახებ. ამ შემთხვევაში კი გათვალისწინებულია, რომ მარეგულირებელს ეცნობოს [ბლოგერის] პროფესიული საქმიანობის შესახებ”.
Meduza-ს ცნობით, 2014 წელს “ბლოგერების კანონის” მიღების შემდეგ, RKN-მა სოციალური ქსელების იმ მომხმარებელთა რეგისტრაცია დაიწყო, რომელთა აუდიტორიაც 3 000 ადამიანს აჭარბებდა, თუმცა 2017 წლიდან აღნიშნული რეესტრი გაუქმდა და უწყება ინფორმაციის გავრცელების წყაროების სიის შედგენაზე გადაერთო. აღნიშნული ისეთი ვებსაიტების მონიტორინგს ითვალისწინებს, რომელთა ვიზიტორთა რაოდენობა რუსეთიდან დღეში 500 000-ს აღემატება - აღნიშნული ვებსაიტების მფლობელი კომპანიები ვალდებულები არიან, თითოეული მომხმარებლის შესახებ შეაგროვონ და, საჭიროების შემთხვევაში, FSB-ს წარუდგინონ პერსონალური ინფორმაცია. აღნიშნულ კომპანიებს შორისაა Yandex, VKontakte, Odnoklassniki და სხვები.