მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუს ტურისტებს ისე უნდა დავხვდეთ, როგორც ამერიკელებს, ევროპელებს ან ინდოელებს“

6085802da38a1
მარიამ ადამია
26.04.21 00:04
2808
გეოსაინფორმაციო ინჟინერიის სპეციალისტ ირაკლი უგულავას შეფასებით, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები უკიდურეს გაჭირვებაში არიან, ამიტომაც საქართველომ დღეს ყველა ქვეყნის ტურისტს კარი უნდა გაუღოს. ამასთან, მკვლევარი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ უცხოელი ვიზიტორებისთვის სახმელეთო საზღვარი უნდა გახსნას.

რაც შეეხება ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობას, როგორც მან “საქმიან დილაში“ სტუმრობისას თქვა, “დღეს დივერსიფიცირებაზე საუბარი იგივეა, რაც მომაკვდავი ადამიანი რომ ბრილიანტის ბეჭედზე ფიქრობდეს“.

“დღეს საუბარი იმაზე, რომ რუსი ტურისტების ქვეყანაში შემოდინება შესაძლოა, მომავალში პოლიტიკური საფრთხის შემცველი იყოს, სისულელეა, რადგან ამ მომავლამდე ჯერ კიდევ მისასვლელები ვართ და თავი უნდა მივიტანოთ. მეორე საკითხია, თუ როგორ უნდა დავხვდეთ რუს ტურისტებს - ჩემი აზრით, მათ ისევე უნდა დავხვდეთ, როგორც ამერიკელ, ევროპელ, ჩინელ თუ ინდოელ ტურისტებს ვხვდებით ანუ განსხვავება და სეგრეგაცია არ უნდა არსებობდეს. ბუნებრივია, ჩვენი სათქმელი მაქსიმალურად უნდა მივიტანოთ ყველა ტურისტამდე“, - განაცხადა ირაკლი უგულავამ და ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე ქვეყანაში საინფორმაციო კამპანია, ფაქტობრივად, არაა.

"არ მახსენდება, რაიმე ტიპის ბილბორდი, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, შესაბამისად, თვალში მსგავსი მესიჯები არ გვხვდება. ამაზე უნდა ვიფიქროთ”, - აღნიშნა ირაკლი უგულავამ.

ცნობისთვის: 2020 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმის გაჩერებიდან გამომდინარე $2.7 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო. 2019 წელს კი ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების 9 მილიონზე მეტი ვიზიტი შედა და ტურიზმმა ქართულ ეკონომიკას $3.2 მილიარდი მოუტანა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშში საუბარია იმის შესახებ საშუალოდ რა თანხებს ხარჯავენ უცხოელი ვიზიტორები ერთი ვიზიტის დროს საქართველოში. გამოკითხულ უცხოელებს შორის საქართველოში ყველაზე მაღალი ხარჯი ამერიკელ ვიზიტორებს აქვთ, რაც ერთ ვიზიტზე საშუალოდ 3,813 ლარს შეადგენს. შედარებისთვის რუსი ვიზიტორების საშუალო დანახარჯი სამჯერ მცირე იყო და 1,282 ლარს შეადგენდა;

თუმცა იმის გამო, რომ ჯამურად უფრო მეტი რუსი ვიზიტორი შემოდიოდა, ვიდრე ამერიკელი ვიზიტორი, ეკონომიკის დამოკიდებულება რუს ვიზიტორებზე უფრო მაღალი იყო და 2.1 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამერიკელი ვიზიტორების ხარჯი საქართველოში კი 10-ჯერ ნაკლები იყო და 227 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები