რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა 14 მაისს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაფართოების საკითხი განიხილეს. რუსულმა მხარემ აღნიშნული შეხვედრისთვის რამდენიმე საცდელი პროტოკოლი შეიმუშავა.
„ძალიან ბევრი მსურველია, რადგან ბიზნესის მთავარი პრობლემა - გასაღების ბაზრებია, ჩვენ კი გვერდით ძალიან დიდი მეზობელი გვყავს“ - განაცხადა ქართულ-რუსული ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა ზაზა ნიშნიანიძემ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ საუბრისას.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვაm, 2024 წელს, 2.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. საქართველო რუსეთში ღვინოს და სხვა ალკოჰოლურ სასმელს, მინერალურ წყლებს, ლიმონათებს, ასევე ხილსა და ბოსტნეულს ყიდის.
საერთაშორისო ასოციაცია „ანტიკონრაფაქტის“ პრეზიდენტი, კონიაკის, სპირტისა და ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარე ვლადისლავ რეზნიკმა კი აღნიშნა, რომ თბილისს დისტილატების წარმოების შესაძლებლობა აქვს, რაც რუსეთისთვის დეფიციტური საქონელია. გარდა ამისა, მან სიხარული გამოხატა იმაზე, რომ საქართველო ანტირუსულ კამპანიაში ვერ ჩაითრიეს.
რაც შეეხება რუსეთს, გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთიდან საქართველოში ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, ფოლადის ნაკეთობები გადის. ამასთან, რუსეთის საქართველოსთვის ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელია. შეხვედრისას ერთ-ერთი საკითხი ამ პროდუქტის მიწოდებას შეეხებოდა. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის რუსეთის მხრიდან ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით წლიურად 500 000 ტონა მარცვლეული გადაიზიდება.
შეხვედრაზე მხარეებმა იმაზეც ისაუბრეს, რომ დღის წესრიგში არამხოლოდ გამშვები პუნქტის განტვირთვა, არამედ გატარებულ პროდუქტზე კონტროლის გამკაცრებაცაა. ქართულმა მხარემ ამ მიზნებისთვის ახალი ლაბორატორიის მოწყობის ორგანიზების პირობა დადო. კიდევ ერთი საკითხი ურთიერთშეთანხმებებს ეხებოდა.




























