მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-უკრაინის კრიზისის გავლენა საქართველოზე

5bfcdbe97103f
ელენე გოგბერაშვილი
27.11.18 09:52
1095
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის უარყოფითი გავლენა საქართველოზე და სავაჭრო ურთიერთობებეზე ამ ქვეყნებთან დამოკიდებლი იქნება იმაზე, სამომავლოდ როგორ განვითარდება მოვლენები. იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი რუსეთს მორიგ სანქციებს დაუწესებს და მას შეუერთდება საქართველოც, ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთი მიიღებს ადექვატურ ზომებს და ისიც სავარაუდოდ ჩაკეტავს ბაზარს, რაც საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზიანებს.

ამ კონტექსტში რუსეთის გარდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია უკრაინის ბაზარიც. რუსეთიც და უკრაინაც საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია.
ეკონომისტი რამაზ გერლიანი, 2014 წლის უკრაინის მოვლენებს იხსენებს, რასაც საქართველოში თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე ჰქონდა გავლენა. ამბობს, რომ შემცირდა იმპორტი, ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ინვესტიციები. თუ კრიზისი კვლავ განახლდა, გერლიანი აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე ამას, რა თქმა უნდა, დადებითი გავლენა არ ექნება.

„2014 წლის ბოლოსთვის ჩვენ უკვე უარყოფით ნიშნულზე გვქონდა უკრაინასთან მიმართებაში საინვესტიციო შემოდინებები, ანუ გადინება უფრო იყო, ვიდრე შემოდინება. კონფლიქტის ფონზე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ასევე დაეცა იმპორტი.

2014 წლამდე იმპორტი იყო 689 მილიონი დოლარი, ეს ჩამოვიდა 400 მილიონ დოლარამდე და დღეს პოსტკრიზისულ ნიშნულამდე ვართ. შარშან 400 მილიონს აღემატებოდა იმპორტის მაჩვენებელი უკრაინიდან და წელს 10 თვეში თითქმის იგივე მაჩვენებელზე ვართ. ექსპორტის თვალსაზრისითაც ოდნავ შეინიშნება გამოცოცხლება და პრაქტიკულად მკვეთრი ზრდა არის 2016-2017 წლებთან მიმართებაში. 2017 წელს 123 მილიონი იყო ექსპორტი მხოლოდ უკრაინის მიმართულებით. 2015 წელს ზრდა მკვეთრად იყო შემცირებული 73 მილიონი დოლარამდე. ეს ძალიან მცირე რაოდენობა იყო, როცა ექსპორტის მაჩვენებელი 300 მილიონის ფარგლებში იყო და უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში ყოველთვის ხვდებოდა ხოლმე უკრაინა. იმპორტის მხრივ წელსაც ის იმყოფება ხუთეულში, თუმცა ეს გამოწვეულია იმით, რომ უკრაინის ეროვნული ვალუტა ნაკლებად მდგრადი აღმოჩნდა კონვერტირებადი ვალუტის მიმართ და ჩვენთან ვაჭრობა ხელსაყრელია. ექსპორტმა კი ჯერ კიდევ ვერ დაიბრუნა წარსულის სიმძლავრე.

თუ კრიზისი ისევ განახლდა, პოლიტიკური კრიზისი იწვევს შემდეგ ეკონომიკურ კრიზისს. რა თქმა უნდა ცივილური ქვეყნები და დასავლეთი გამოიყენებს რუსეთის მიმართ კონომიკურ ბერკეტებს და რასაკვირველია ეს უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოზეც იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიზისი ბიზნესს ყოველთვის აშინებს და ბიზნესაქტივობა მცირდება. ძირითადად მაინც საექსპორტო მიმართულებით ველოდებით აქტივობის შემცირებას“-აცხადებს რამაზ გერლიანი.

თუ ამ შემთხვევაშიც მოვლენები 2014 წლის მსგავსი სცენარით ანვითარდა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეკონომიკური პარამეტრების გაუარესება გავლენას მოახდენს ლარის კურსზეც. რაც შეეხება რუსეთს, რთული სათქმელია რა ბერკეტებს გამოიყენებს რუსეთი იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი მორიგ სანქციებს დაუწესებთ, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ მეტად სავარაუდოა, რომ ეს ძირითადად სავაჭრო ურთიერთობებს შეეხოს.

რუსეთიც და უკრაინაც საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალშია. რუსეთი საქართველოსთვის აზერბაიჯანის შემდეგ რიგით მეორე სავაჭრო ქვეყანაა. მიმდინარე წლის 10 თვეში რუსეთში საქართველოდან 351 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტი განხორციელდა.

მზარდია უკრაინის ბაზარიც. მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოდან უკრაინაში 135 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე.
იმპორტის მიხედვითაც რუსეთიც და უკრაინაც საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხუთეულშია.

რაც შეეხება იმ ძირითად სასაქონლო ჯგუფებს, რომლის ექსპორტი ბოლო 10 თვეში განხორციელდა რუსეთიდან საქართველოში, ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ფეროშენადნობები, მეორე ადგილს იკავებს ღვინო და მინერალური და მტკნარი წყლები.

მზარდია რუსეთიდან იმპორტირეული სასაქონლო ჯგუფებიც. რუსეთიდან საქართველოში საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება უკრაინას. საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან უკრაინაში მიმიდნარე წლის და გასული წლის 10 თვეში ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების ხუთელში შედის სპირტიანი სასმელები, ღვინო და მინერალური წყლები.

იმპორტის მაჩვენებლებს რომ გადავხედოთ, უკრაინიდან საქართველოში ძირითადად სიგარები და თამბაქოს ნაწარმი შემოდის. საიმპორტო საქონლის ჩამონათვალშია ასევე ფოლადის წნელები, კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები