მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარებს არ გაიყვანს" - ზატულინი

ზატულინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარებს არ გაიყვანს და საქართველოს შემადგენლობაში მათ დაბრუნებასაც არ გეგმავს.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, დაეხმაროს თბილისს "მეზობლებთან", "აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან", დაახლოებაში. მის განცხადებას კახა კალაძის კომენტარი მოჰყვა, რომელმაც ლავროვის სიტყვები დადებითად შეაფასა და თქვა, რომ "განცხადების პარალელურად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები“ და "იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც დავიწყოთ ლაპარაკი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რომ მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა".

"დაახლოება განა რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს? ჩვენ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. შეთანხმებები გვაქვს. არავინ განიხილავს ამ საკითხს. ლავროვმა თქვა ის, რაც თქვა. მას ჯარების გაყვანა არ უგულისხმია", - განაცხადა ზატულინმა რუსულ მედიასთან.

ზატულინი მიიჩნევს, რომ "ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში უნდა აღიარონ რეალობა, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში ჩამოაყალიბონ გარკვეული რეალური ურთიერთქმედების ფორმები".

"ლავროვის სიტყვები არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც რუსეთის დაინტერესება იმაში, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ, ამ საკითხმა დიდი ხანია ჩაიარა. თუ ისინი ერთმანეთში ეკონომიკური და საქმიანი ურთიერთობების დალაგებას დაიწყებენ, ეს ყოველთვის დადებითია", - თქვა ზატულინმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები