მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსეთი აფხაზეთისთვის ყოვლისმომცველი დახმარების გაწევას გააგრძელებს" - ლავროვი

რუსეთ-უკრაინა

რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ყოვლისმომცველ დახმარებას რესპუბლიკის განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც ორივე ქვეყნის ხალხების ინტერესებს შეესაბამება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცთან საუბრისას განაცხადა.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ლავროვმა ბარციცს აფხაზეთის ე.წ. გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ჩვენი მხრიდან სუვერენული დამოუკიდებელი აფხაზეთის განვითარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის კომპლექსურ დახმარებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს საერთო ჯამში ჩვენი ერების ინტერესებს პასუხობს“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ აფხაზეთში გაზრდილი ტურისტული ნაკადის ფონზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სერვისების მოდერნიზება გაგრძელდება და კერძო ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო შეიქმნება.

რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ აფხაზეთს რამდენჯერმე ეწვია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო.

„მე მას ვესაუბრე. მან ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რომელზეც ვლადიმერ პუტინი და ბადრა გუნბა შეთანხმდნენ, ძალიან მაღალი შეფასება მისცა. საუბარი კონკრეტულად საქალაქო სატრანსპორტო სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეკონსტრუქციას, მემორიალური ძეგლების რენოვაციას და სხვა მნიშვნელოვან წამოწყებებს ეხება“, - განაცხადა ლავროვმა.

„ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რომ ეს ქმედებები პოზიტიურ შედეგებს უკვე იძლევა და თქვენი ეკონომიკისა და ჩვენი მეგობრობის გამყარების საწინდარი ხდება. და სხვათა შორის ეხმარება აფხაზეთში ცხოვრებისა და დასვენების ხარისხის გაუმჯობესებას. ამან კარგად შეიძლება იმუშავოს.

კარგ მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ რუსეთიდან აფხაზეთში წელს 20%-ით გაზრდილი ტურისტული ნაკადი. ვიმედოვნებთ, რომ სერვისის მოდერნიზებაზე მუშაობა და ქვეყანაში კერძო ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი საინვესტიციო პირობების შექმნისთვის მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა ლავროვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები