მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი ბენზინთან ერთად დიზელის ექსპორტსაც წლის ბოლომდე ზღუდავს

ნავთობპროდუქტები

რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის შეზღუდვის გახანგრძლივებასთან ერთად დიზელის ექსპორტიც შეიზღუდება. რუსული მედია ვიცე-პრემიერის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ბენზინის ექსპორტის აკრძალვა მთავრობათშორისი შეთანხმებების გარდა, ბაზრის ყველა მონაწილისთვის წლის ბოლომდე გახანგრძლივდება. ქვეყნიდან დიზელის საწვავის გატანა კი წლის ბოლომდე არამწარმოებელი კომპანიებისთვის აიკრძალება.

„გადაწყვეტილება მიღებულია. უახლოეს მომავალში ჩვენ ბენზინის ექსპორტის აკრძალვას წლის ბოლომდე გავახანგრძლივებთ, ამასთან, წლის ბოლომდე დიზელის საწვავზე ექსპორტი არამწარმოებელი კომპანიებისთვის აიკრძალება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ადგილობრივი ბაზარი ნავთობპროდუქტებით უზრუნველვყოთ“, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

ცნობისთვის, რუსეთში ბენზინის არამწარმოებელი კომპანიებისთვის ემბარგო 2025 წლის მარტიდან ამოქმედდა. ბირჟებზე ნავთობის ფასის ზრდის პირობებში რუსეთის ხელისუფლებამ ექსპორტი მწარმოებელი კომპანიებისთვის თავდაპირველად აგვისტომდე აკრძალა, შემდეგ კი ეს შეზღუდვა ოქტომბრამდე გაახანგრძლივა. არსებული განკარგულების მიხედვით, არამწარმოებელი კომპანიებისთვის ბენზინის ექსპორტი ოქტომბრის ბოლომდეა აკრძალული.

რუსეთი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მომწოდებელია და მასზე მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, დაახლოებით 42% მოდის. კერძოდ, საქართველომ რუსეთიდან 8 თვეში 357 მლნ აშშ დოლარის 510 696 ტონა ნავთობპროდუქტის იმპორტი განახორციელა, რაც წლიურად 2.4% შემცირებული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები