მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად ოქროს ყიდის

ოქროს რეზერვი

სამხედრო ხარჯებით გამოწვეული საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარად, რუსეთის მთავრობა ოქროს გაყიდვებს ზრდის. ძვირფასი ლითონების ბაზარზე კრემლის აქტივობა იმდენად ინტენსიურია, რომ ცენტრალურ ბანკებს შორის ოქროს უმსხვილეს გამყიდველად ამჟამად სწორედ რუსეთის ეროვნული ბანკის გვევლინება.

The Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა 2026 წლის მესამე კვარტალში 18.7 ტონა ოქრო გაყიდა, რაც $2.5 მილიარდის ეკვივალენტია. მარეგულირებელი ოქროს რეალიზაციას უკვე ზედიზედ ათი თვეა ახორციელებს.

წინა კვარტალში ინსტიტუტის ოქროს რეზერვები 21.8 ტონით შემცირდა, დეკემბრიდან სექტემბრამდე პერიოდში კი კლებამ დაახლოებით 62 ტონა შეადგინა, რაც $8.3 მილიარდს აღწევს. აღნიშნული მოცულობა რუსეთისთვის 1998 წლის მძიმე ფინანსური კრიზისის შემდეგ გაყიდვების ყველაზე მაღალ ტემპს წარმოადგენს.

როგორც ოფიციალური ანგარიშიდან ჩანს, ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტმა მიმდინარე წელს $80 მილიარდს მიაღწია, ომის დაწყების შემდეგ კი ამ მაჩვენებელმა უკვე ჯამურად 240 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ კოლოსალური დანაკარგის შესავსებად რუსეთის მთავრობას როგორც გადასახადების გაზრდა, ასევე დამატებითი ვალების აღება და ოქროს რეზერვების გამოყენება უწევს.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის ბაზარზე წვდომის შეზღუდვის შემდეგ, რუსული ოქროს ნაკადმა აზიის მიმართულებით გადაინაცვლა. წლის პირველ შვიდ თვეში ჰონგ-კონგში დაახლოებით 100 ტონა რუსული ოქრო შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.

ცნობისთვის, სანამ რუსეთი საკუთარ მარაგებს ამცირებს, მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა მესამე კვარტალში ჯამურად 321.2 ტონა ოქრო შეიძინეს. ყველაზე მსხვილი მყიდველი 63.1 ტონით ჩინეთი გახდა, რომელსაც პოლონეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი მოჰყვნენ. რუსულ ოქროს უმეტესად სწორედ ჩინეთი ყიდულობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები