მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი და ირანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას აწერენ ხელს

რუსეთი და ირანი

17 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

ოფიციალური კრემლის განმარტებით, შეთანხმების საფუძველზე, მხარეებს შორის გაღრმავდება კავშირებით თავდაცვის, ვაჭრობის, ლოგისტიკის და ინვესტიციების მიმართულებით, რაც მოსკოვსა და თეირანს ერთმანეთთან უფრო მეტად დააკავშირებს.

როგორც ცნობილია, დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, პუტინი და ფეზეშქიანი რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საერთაშორისო გამოწვევებზე ისაუბრებენ, მათ შორის: ისრაელი-ჰამასის კონფლიქტზე და რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, სტრატეგიული შეთანხმება აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი თეირანს ბირთვული იარაღის პროგრამის განვითარებაში დაეხმარება, რადგან, როგორც იცით, რუსეთს უდიდესი ბირთვული არსენალი აქვს, ირანის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კი ატომური იარაღის შექმნაა, რისთვისაც ქვეყანას ტექნიკური ცოდნა, დანადგარები და გამდიდრებული ურანი სჭირდება, რაც რუსეთს უხვად აქვს.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რუსეთი და ირანი პლანეტის უმსხვილეს სანავთობო რეზერვებს ფლობენ, რაც მათ მთავარ ეკონომიკურ იარაღს წარმოადგენს.

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანი რუსეთს არაფორმალურ დახმარებას უწევს და მას აწვდის როგორც ახლო და საშუალო მანძილის რაკეტებს, ასევე საბრძოლო იარაღსა და სამხედრო დრონებს. ბუნებრივია, ოფიციალური თეირანი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ის კონფლიქტთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. სავარაუდოდ, პარტნიორობის გაფორმების შემდეგ, რუსეთსა და ირანს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კავშირები უფრო მეტად გამყარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები