"რუსეთი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ აფხაზეთთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1-ელ მაისს დაიწყება", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა. როგორც ცნობილია, სოხუმის აეროპორტმა პირველი სატესტო რეისი მოსკოვიდან უკვე მიიღო.
"მას შემდეგ, რაც აეროპორტის ყველა სისტემის ფუნქციონირება შემოწმდა პირველი სატესტო რეისით, ახლა ჩვენ გვაქვს სრული დადასტურება და აბსოლუტური ნდობა, რომ სოხუმის აეროპორტის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა, შეიძლება, 1 მაისიდან დაიწყოს", - აღნიშნა კირიენკომ.
ამასთან, მისი ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტი, დღეს, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალურ რეისს მიიღებს.
"აფხაზი ექიმებისა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალური თვითმფრინავი დაფრინავს. საბედნიეროდ, ასაფრენი ბილიკი მზად არის, შესაბამისად, რუსი ექიმები დაფრინავენ ამ თვითმფრინავზე ბავშვებისა და ზრდასრული პაციენტების ასაყვანად და მათ რუსულ კლინიკებში სასწრაფოდ გადასაყვანად", - აღნიშნა მან.