რუსეთის მთავრობა ქვეყანაში ავტომობილების „რუხი“ იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლის შემცირებას და ადგილობრივი ბაზრის დაცვას ცდილობს. ახალი წესების მთავარი არსი ევრაზიული კავშირიდან განბაჟებული ავტომობილების შემყვანებსა და იმ იმპორტიორებს შორის თანაბარი პირობების შექმნაა, რომლებიც ავტომობილებს რუსეთში ანბაჟებენ.
მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან რუსეთში მანქანების იმპორტისთვის გადახდის თანხის გამოთვლის პროცედურა დაზუსტდა.
„ამრიგად, გადაუხდელი გადასახადები და მოსაკრებელი, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან რუსეთში იმპორტირებული მანქანების საბაჟო ღირებულების შემცირების გამო მიიღება, გადამუშავების საფასურის ნაწილად იქნება გათვალისწინებული, რომელიც ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სავალდებულო იქნება. ასეთი მიდგომა ისეთი მდგომარეობის თავიდან აცილების საშუალებას გააჩენს, როდესაც ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტიორები, მათთან შედარებით ვინც ავტოიმპორტისას განბაჟების გადასახადს ქვეყანაში იხდიან, უპირატეს მდგომარეობაში არიან“, - ნათქვამია რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მთავრობის ცნობით, გადამუშავების საფასურის სისწორეს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური გააკონტროლებს. გადაუხდელი გადასახადებისა და მოსაკრებლების დარიცხვა შემდგომი გადახდისთვის, როგორც გადამუშავების საფასურის ნაწილი, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ფორმულის მიხედვით განხორციელდება.
ამასთან, დადგენილების მიხედვით, ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან ელექტროძრავიანი მანქანების იმპორტისას მათი რუსეთში განბაჟებაა გათვალისწინებული, რაც ყველა გადასახადის და მოსაკრებელის სრულად გადახდას უზრუნველყოფს.
რუსული გამოცემები ავტოექსპორტიორებზე დაყრდნობით წერენ, რომ როდესაც რუსეთის საბაჟოზე მაგალითისთვის ყირგიზეთიდან შესული განბაჟებული ჩინური ავტომობილი შევა, მანქანის რეალური საბაზრო ღირებულება და ის ფასი შედარდება, რომლითაც ის რუსეთში შედის და გამოითვლება, რა თანხის დაზოგვა უნდოდათ იმპორტიორ პირსა თუ კომპანიას ამ სქემით და ამ თანხას რუსეთის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხდიან. გადახდა გადამუშავების საფასურის დამატებით შესრულდება.