ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებმა უნდა აამოქმედონ თავისი პოტენციალი და შეიმუშაონ თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
მარია ზახაროვამ ისიც თქვა, რომ საქართველო-სამხრეთ ოსეთის და საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო ე.წ. საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება ასევე ხელს შეუწყობს სასაზღვრო ტერიტორიების სტაბილიზაციას.
„მიგვაჩნია, რომ დისკუსიის მონაწილეებმა უფრო მეტად უნდა გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი, უპირველეს ყოვლისა, დაიწყონ შეთანხმების შემუშავება ერთი მხრივ თბილისს და მეორე მხრივ სოხუმს და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასეთი სამართლებრივი ვალდებულებების მიღებას 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორების საიმედო გარანტიად მივიჩნევთ. სასაზღვრო რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციაში რეალური წვლილი უნდა იყოს საქართველო-სამხრეთ ოსეთის და საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკაციის გზით“, - განაცხადა ზახაროვამ.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ამოცანების აქტუალობა ბოლო პერიოდში გაიზარდა, „რადგან ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები რუსეთის საზღვრებზე სიტუაციის ესკალაციის აშკარა მიზნით შიდა რეგიონული წინააღმდეგობებით სარგებლობის მცდელობებს აძლიერებენ“.
ის ირწმუნება, რომ „რუსეთი მზადაა გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვისთვისაც სამხრეთ კავკასიის ბედი სულ ერთი არ არის, მათ შორის [რუსეთი მზადაა] თბილისს, სოხუმს და ცხინვალს დიალოგის განვითარებაში ყოვლისმომცველი დახმარება გაუწიოს, რათა რეგიონში დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა“.