რუსეთის მთავრობა მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის საექსპორტო საბაჟო გადასახადის გაუქმებას განიხილავს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
1-ელი ოქტომბრიდან რუსეთში საქონლის ფართო ჩამონათვალზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი ამოქმედდა, რომელიც რუბლის კურსზეა მიბმული. საექსპორტო გადასახადი ღირებულების 4-დან 7%-მდეა. გადაწყვეტილების მიხედვით, თუ რუბლის ღირებულება დოლართან მიმართებით 80 რუბლი და ნაკლები იქნება, მაშინ გადასახადი ნულოვანი იქნება.
მედიის ცნობით, "სოხუმისა და ცხინვალისთვის საექსპორტო გადასახადების გაუქმება", სავარაუდოდ, საქონლის ფართო სპექტრს, მათ შორის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს შეეხება. ამასთან, მთავრობა "როსნეფტს" და მის შვილობილ კომპანიებს ექსკლუზიურ უფლებას მისცემს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ნავთობპროდუქტები საექსპორტო გადასახადის გარეშე გაიტანოს.