მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთი თუ მეგობრობას გაგვიწევს, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ ინტერესს შეეფერება, უნდა ვიმეგობროთ" - "ოცნების" დეპუტატი

ბეჟან წაქაძე

"როდესაც შენი მეზობელია და მასთან გადაკიდებული ხარ, ეს შენთვის კარგი არ არის", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა. დეპუტატმა BMG-სთან აღნიშნა, რომ ტერიტორიების დაბრუნება რუსეთთან ურთიერთობის გარეშე, წარმოუდგენელია.

"ბევრი ამბობს, რომ რუსეთთან არ უნდა ვისაუბროთ. შენ ჩემგან წაიღე და წამართვი, მესმის, მე ვარ დაზარალებული. მაგრამ თქვენთან თუ არ მოვედი, მაგალითად, ეს ტელეფონი რომ დამიბრუნოთ, თუ არ დაგელაპარაკები, არ არის სწორი. მტერთანაც უნდა ისაუბრო, თუ გინდა, მიზანს მიაღწიო", - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

კითხვაზე, ალაგებს თუ არა მთავრობა რუსეთთან ურთიერთობას და დაიწყება თუ არა ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს დღე მალე დადგება.

"ვფიქრობ, მოვა პერიოდი, როდესაც სხვანაირად იქნება ურთიერთობები. სხვანაირად ჩვენი მთავარი მიზანი, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, კითხვის ნიშნის ქვეშ არის. რა არის მთავარი? ჩვენი ეკონომიკა იმ დონეზე უნდა ავიდეს, რომ ადამიანებს, რომლებიც იქ [აფხაზეთსა და ცხინვალში] ცხოვრობენ, საქართველოში ცხოვრება მოუნდეთ. ამისთვის ყველასთან ვითანამშრომლებ, თუნდაც რუსეთთან", - აღნიშნა დეპუტატმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი აცხადებს, რომ ევროკავშირთან და აშშ-სთან არსებული ურთიერთობის ფონზე, საქართველო ვალდებულია, სხვა მეგობრები იპოვოს.

"შენ რომ მბლოკავ, არ მემეგობრები, იძულებული ვარ, ვალდებული ვარ, სხვებთანაც ვიმეგობრო. როდესაც არასწორად მექცევი, მეუბნები, კანონი, რომელიც მიიღე, დემოკრატიული უკუსვლაა... რუსეთი თუ მეგობრობას გაგვიწევს, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ ინტერესს შეეფერება, უნდა ვემეგობროთ. [ურთიერთობის დასალაგებლად] ახლა რას ვაკეთებთ? შეიძლება ვიცი და არ გეუბნები ან არ ვიცი და ვერ გეუბნები", - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები