მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ბალტიისპირეთის უმსხვილეს პორტებში ნავთობის ექსპორტი დრონების თავდასხმის გამო შეწყდა

უკრაინული დრონი და პრიმორსკი

რუსეთის უმსხვილესმა სანავთობო ჰაბებმა, პრიმორსკისა და უსტ-ლუგას პორტებმა, ნავთობისა და საწვავის ექსპორტი დრონების მასშტაბური იერიშის გამო შეაჩერეს.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს განცხადებით, პრიმორსკში თავდასხმის შედეგად რამდენიმე ნავთობსაცავი აალდა, რამაც საექსპორტო ოპერაციების პარალიზება გამოიწვია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სულ 249 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა ჩამოგდებული, აქედან 35 უშუალოდ ლენინგრადის რეგიონში განადგურდა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ექსპორტის შეჩერება კიდევ უფრო გაამწვავებს გლობალურ ენერგეტიკულ დეფიციტს, რომელიც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ გამოიწვია. ცნობისთვის, პრიმორსკის პორტი, რომლის სიმძლავრეც დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტია , რუსული ურალსის მარკის ნავთობისა და მაღალი ხარისხის დიზელის მთავარი საექსპორტო არტერიაა. აღსანიშნავია, რომ ნავთობის ჩატვირთვის პროცესი პრიმორსკში გასული წლის სექტემბერში მომხდარი ანალოგიური თავდასხმის დროსაც შეფერხდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მიმდინარე თვეში დრონების სამიზნე რუსეთის შავი ზღვის უდიდესი პორტი ნოვოროსიისკიც გახდა, რამაც ნავთობის გლობალურ ბაზარზე მიწოდების ჯაჭვების არასტაბილურობა კიდევ უფრო გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარე რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებსა და ტერმინალებზე იერიშებს რეგულარულად ახორციელებს, რათა მოსკოვის სამხედრო ეკონომიკას დარტყმა მიაყენოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები