მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის კონტროლი გამკაცრდება"

5b221dc1a90c2
მაია ბიწაძე
14.06.18 11:47
739
რუსეთის მიერ ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე კონტროლის გამკაცრებას KTW GROUP -ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი, ზურაბ ჩხაიძე პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დაცულობას უზრუნველყოფს. თუმცა, კომპანიამ ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად წარმოებაში გარკვეული ინვესტიციები განახორციელა. როგორც ბიზნესმენმა Bm.ge-ს განუცხადა, ამ ცვლილებების შესახებ რუსული მხარის მიერ დროულად იყვნენ ინფორმირებული და შესაბამისი ზომებიც უკვე მიიღეს.

"ამ ცვლილების შესახებ დაახლოებით ექვსი თვის წინ ვიყავით ინფორმირებული. ჩვენთვის ეს, ერთის მხრივ, ახალ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მეორეს მხრივ, რუსეთის ბაზარზე ჩვენს პროდუქციაზე უფრო მეტი კონტროლის განხორციელებას ითვალისწინებს. ყველა გადადგმულ ნაბიჯში უნდა დავინახოთ პოზიტივი, ჩვენთვის პოზიტივი არის ის, რომ თვითონ რუსეთის ბაზარზე უფრო მეტი კონტროლის საშუალება გვექნება. როგორ შეასრულებს ამ კონტროლს რუსეთის შესაბამისი ორგანო არ ვიცი, თუმცა ჩვენთვის მეტი დაცულობა იქნება, რადგან ეს სისტემა ელექტრონული საშუალებით კონკრეტული ბოთლის მოძებნის შესაძლებლობა მოგვცემს“ - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, KTW GROUP -მა პარტნიორი კომპანია მოიძია და მარკირების სისტემა ყველა საწარმოში დანერგა.

"ახალი სისტემა გულისხმობს თითოეული ბოთლი სასმელისთვის ნომრის მინიჭებას, ანუ მარკირებას, შემდგომ უკვე ბოთლების მიხედვით ყუთზე ხდება მარკირება, შემდეგ კი პალეტზე. ზოგადად, ამის დანერგვა ცოტა რთული იყო, რადგან სისტემა საწარმოში ყველა ხაზზე უნდა დამონტაჟდეს, სადაც პროდუქციის ჩამოსხმა ხდება, მაგრამ ამისთვის მოვემზადეთ. რაც შეეხება დანახარჯებს, თითო ჩამოსასხმელ ხაზზე სისტემის მონტაჟი 25-30 ათასი ევრო ჯდება“ - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

KTW GROUP -მა გასულ წელს ექსპორტზე 12 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო და ბრენდი(კონიაკი) გაყიდა, რომლის 45-47% რუსეთის ბაზარზე გადაიტვირთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები