2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ჯამში 515 უცხოელი დარეგისტრირდა. 2022 წელს - 1473, ხოლო 2021 წელს - 743.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში მოქალაქეობის მიხედვით, პირველ ადგილზე უკრაინაა, რომლის 104 მოქალაქეს მიენიჭა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი, მეორეზე ირანი - 93-ით, მესამეზე თურქეთი - 72-ით, ხოლო მეოთხეზე - რუსეთი 49 პირისთვის მინიჭებული თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით.
რიცხვები გაცილებით მაღალი იყო 2022 წელს, როდესაც უკრაინა იყო პირველ ადგილას სტატისტიკაში 516 პირისთვის მინიჭებული თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით, მეორე-მესამე ადგილებზე თურქეთი(203) და ირანი (194), ხოლო რუსეთი მეოთხეზე იყო 115-ით. უკრაინისა და რუსეთის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მინიჭების შემთხვევების მატება გასულ წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და მიმდინარე ომმა განაპირობა.
სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნულის გამო, 2022-2023(I-II კვარტალი) წლებში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უკრაინის 620 მოქალაქე დარეგისტრირდა, ხოლო რუსეთის - 164 მოქალაქე.