დამოუკიდებელი კონსულტანტი კახა სამყურაშვილი წერს, რომ ომში მყოფი რუსეთის ეკონომიკა ჰიპოთერმიის წინაშე დგას, პუტინი კი იძულებულია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რადგან უმოძრაობა მას ამ პროცესში არ შეუძლია. "რუსეთის ეკონომიკა: პუტინის ცუგცვანგი" - ასე ასათაურებს თავის ანალიზს კახა სამყურაშვილი, სადაც რუსეთის პრეზიდენტის მიერ ომის დასრულება-არდასრულების საკითხს მიმოიხილავს.
მისივე შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ არსებული მოლოდინებით ეკონომიკური შემცირების ნაცვლად, რუსეთის ეკონომიკამ ტრანსფორმაცია განიცადა და სამხედრო წარმოებაზე გადაერთო.
"ომის დაწყების შემდეგ, ეკონომისტები რუსეთის ეკონომიკის შემცირებას პროგნოზირებდნენ. თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა - რუსეთის ეკონომიკა სწრაფად გაიზარდა 2023-24 წლებში.
ომის დაწყების შემდეგ მოხდა რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია. ეკონომიკა მილიტარიზდა: სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი სრული დატვირთვით ამუშავდა, ჯარისკაცების საკონტრაქტო ანაზღაურება ასტრონომიულად გაიზარდა და უმუშევრობა რეკორდულად შემცირდა. შედეგად, გაჩნდა ბენეფიციარების დიდი ჯგუფი, რომლის ინტერესშია უკრაინაში ომის გაგრძელება. თუმცა სამწლიანი ზრდის შემდეგ, იმატებს შფოთვა, რომ ომის ეკონომიკა ინერციას კარგავს. ეკონომიკის მინისტრის მაქსიმ რეშეტნიკოვის თქმით, რუსეთის ეკონომიკა ჰიპოთერმიის რისკის წინაშე დგას - 2025 წლის I კვარტალში, ზრდა 1.4%-მდე შენელდა. ეკონომიკის შენელებას აპრილიდან დაემატა ნავთობის ფასის ვარდნაც, რაც დიდი დარტყმაა საბიუჯეტო შემოსავლებისთვის.
დონალდ ტრამპთან სამშვიდობო მოლაპარაკება პუტინისთვის საუკეთესო შანსია, უკრაინის ომი ისე დაასრულოს, რომ სახე შეინარჩუნოს. თუმცა, საომარი მოქმედებების უეცარი დასრულება გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული.
ერთი მხრივ, ომის დასრულება ეკონომიკური დარტყმა იქნება ადამიანებისთვის, რომლებმაც საგრძნობლად იხეირეს ომის ეკონომიკით. მეორე მხრივ, მილიონამდე რუსი ვეტერანი სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნდება, რომლებსაც შენელებული ეკონომიკა და ცოტა სამუშაო ადგილი დახვდებათ. პუტინმა, რომელიც რუსეთის ისტორიის გულმოდგინე მოყვარულია, კარგად იცის რას ნიშნავს ომიდან დაბრუნებული იმედგაცრუებული ვეტერანი, რომელიც პრობლემების გადაწყვეტას ძალადობით არის მიჩვეული. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა ინერციას კარგავს, პუტინს ჯერ კიდევ შეუძლია, რომ ომი დააფინანსოს.
ამ ეტაპზე, პუტინმა ომის გაგრძელება გადაწყვიტა, რისი დასტურიცაა საზაფხულო შეტევის დაწყება და მოლაპარაკებებზე მივლენილი დელეგაციის წევრების დაბალი სტატუსი.
თუმცა სასრულია დონალდ ტრამპის მოთმინებაც. ისევე როგორც, ლინდსი გრემის, რომელსაც მზად აქვს სანქციების კანონპროექტი, რომელსაც ძალუძს დამანგრეველი ზიანი მიაყენოს რუსეთის სანავთობო შემოსავლებს და ეკონომიკას", - წერს სამყურაშვილი.