რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროში 2035 წლამდე სოციალური და ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი პროგნოზი გადააგზავნა და სწორედ, ამ ციფრებზე დაყრდნობით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მთავრობის ეს უწყება არცთუ დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს რუსეთის ეკონომიკასთან დაკავშირებით.
2035 წლამდე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პროგნოზიდან გამომდინარე, უახლოესი 20 წლის მანძილზე ეკონომიკა სტაგნაციის გადალახვაზე იმუშავებს, მაგრამ ნაკლები წარმატებით. 2017 წელს, რეცესიიდან გამოსვლის შემდეგ, რუსეთის ეკონომიკა მომდევნო 20 წლის განმავლობაში ძალიან ნელა, საშუალოდ წელიწადში 2%-ით გაიზრდება (1.7 მაქსიმუმ 2.6%). ეს მსოფლიოს საშუალო ტემპს დაახლოებით 1.5-ჯერ ჩამოუვარდება: ამით რუსეთი ღარიბი ქვეყნების რიგებში გადაინაცვლებს. რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი კი 20 წლის განმავლობაში მხოლოდ 1.5-ჯერ გაიზრდება.
აღნიშნული პროგნოზის მიხედვით, მოსახლეობის რეალური შემოსავლები წელიწადში დაახლოებით 1.4%-ით გაიზრდება და მხოლოდ 2021 წელს მიუახლოვდება 2013 წლის დონეს. 2035 წელს კი დაახლოებით 30% გადააჭარბებს. შედარებისთვის: 2006-2007 წლებში ის ამავე ოდენობით გაიზარდა. 2021 წლისთვის სამწლიანი საინვესტიციო შემცირების გადალახვას შეძლებს და ინვესტიციები კრიზისამდელ პერიოდის მაჩვენებლის დონეს მიუახლოვდება (2013 წელი), თუმცა მათი ზრდის ტემპი კვლავ მოკრძალებული დარჩება, საშუალოდ წლიურად 3.3%. ექსპორტი საშუალოდ წელიწადში 2%-ით გაიზრდება, იმპორტი კი - დაახლოებით 4%-ით. სავაჭრო ბალანსი და მიმდინარე ანგარიშები თანდათან შემცირდება და კაპიტალის გადინების მაჩვენებელიც შემცირების თითქმის ნულოვან მაჩვენებელს მიაღწევს. არსებული გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, რუსეთის ბიუჯეტი ვალდებულებების აღების მხრივ დასაშვებ მაქსიმუმს აღწევს.
რაც შეეხება ნავთობს: ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით ფასი ნელ-ნელა გაიზრდება და 2020 წლისთვის ბარელი 57 აშშ დოლარს მიაღწევს, 2030 წელს ბარელი 70 აშშ დოლარი გახდება, ხოლო 2035 წლისთვის ბარელი 76.7 აშშ დოლარამდე გაიზრდება. უახლოესი 20 წლის მანძილზე ნავთობის ბაზარზე ახალი შოკები მოსალოდნელი აღარ იქნება.
რაც შეეხება დასაქმებულებს: ეკონომიკური განვითარების პროგნოზით: მომდევნო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკაში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის უცვლელი იქნება: 2016 წლის არსებული მაჩვენებელი 68.4 მილიონი, 2026-2028 წლებში მინიმუმ 66.6 მილიონამდე შემცირდება, რის შემდეგაც 2035 წლისთვის კვლავ 68.1 მილიონს მიაღწევს. (სამინისტროს პირველად ვარიანტის მიხედვით, პროგნოზი თანმიმდევრულად ყველა წელს 64.4 მილიონით მცირდება).
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სცენარის პირობების აღწერა გამომდინარეობდა იქიდან, რომ დემოგრაფიული უკმარისობის კომპენსაცია (რომელიც პიკს 2026 წელს მიაღწევს) ეკონომიკური აქტივობის გაზრდის, ახალგაზრდა პენსიონრების დასაქმების, მიგრანტების შემოდინების (წელიწადში 300 000 ადამიანი), რუსეთში თანამემამულეების დაბრუნების, კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტებისა და პერსპექტიული ახალგაზრდების ხარჯზე მოხდება. სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახურის დემოგრაფიული პროგნოზის საშუალო ვერსიის მიხედვით, 2030 წლისთვის რუსეთში დასაქმებულთა რიცხვი 6 მილიონი ადამიანით, ან 8%-ით შემცირდება, - ამის შესახებ აღნიშნავს ეკონომიკური სკოლის შრომის კვლევების ცენტრის დირექტორი ვლადიმერ გიმპელსონი. მისივე განცხადებით, დასაქმების შემცირება უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდების ჯგუფებში მოხდება.
მოცემული პროგნოზის ძირითადი ვერსია ნავთობის ფასების შენარჩუნებას ეფუძნება ბარელზე 40 აშშ დოლარი. მაგრამ ბიუჯეტის დაგეგმვა კონსერვატიულ მიდგომას მოითხოვს, ამიტომაც ბარელზე 40 აშშ დოლარი 2017–2019 წლების ბიუჯეტის ფარგლებიდან აიღეს. „ვნეშეკონომბანკის“ თავმჯდომარის მოადგილისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის ანდრეი კლეპაჩის განცხადებით, რომელიც პასუხისმგებელია მაკროეკონომიკის პროგნოზზე, გრძელვადიან პერსპექტივაში წლიურად რუსეთის ეკონომიკის 3.5%-იანი ზრდა მაქსიმალურია. მას მიაჩნია, რომ სტაგნაციიდან გამოსვლის რეცეპტი ცნობილია: გრძელვადიანი ზრდის მხარდასაჭერად - სტრუქტურული მანევრი რეალურ სექტორსა (ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, ტექნოლოგიების განვითარება) და ბიუჯეტში (ჯანდაცვის და განათლების სასარგებლოდ ხარჯვის ცვლილება). თუმცა როგორც იგი აღნიშნავს, ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს.
რუსეთი ღარიბი ქვეყნების რიგებში გადაინაცვლებს და მათივე მთავრობის პროგნოზით, არ არის არანაირი წინაპირობა, რომ სტაგნაციიდან გამოსვლა მოხდება უახლოესი 20 წლის განმავლობაში.

























