რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შაბათს, გამთენიისას, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში 1 246 უკრაინული დრონი გაანადგურა, რაც ბოლო კვირებში ქვეყანაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში იყო.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონების მესამედზე მეტი მოსკოვის ოლქში გაანადგურეს. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვამ შემოსეული აპარატების უმეტესობა გაანეიტრალა, თუმცა ნგრევის შესახებ დეტალები არ დაუზუსტებია.
სამხრეთით მდებარე სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა განაცხადა, რომ დრონების სამიზნე სამრეწველო ინფრასტრუქტურა იყო, თუმცა ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიმდინარე კვირის დასაწყისში სამარის ოლქში, "როსნეფტის" მსხვილ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების შეტევისას, ერთი ადამიანი დაიღუპა.
სასაზღვრო რეგიონების ხელისუფლების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრიანსკისა და კურსკის ოლქებზე იერიშებს სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა, მეზობელ ბელგოროდის ოლქში კი 14 ადამიანი დაიჭრა.
ბრიანსკის ოლქის ხელმძღვანელობამ ცალკე განაცხადა, რომ შაბათს დილით, უკრაინული დრონის მიერ კომპანიის ავტობუსზე თავდასხმის შედეგად, ხორცპროდუქტების მწარმოებელი ჰოლდინგ "მირატორგის" სულ მცირე ცხრა თანამშრომელი დაიჭრა.
შაბათის ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც რამდენიმე დღით ადრე რუსეთის თავდაცვის უწყებამ ერთ ღამეში რეკორდული რაოდენობის - 1 441 უკრაინული დრონის განადგურების შესახებ განაცხადა.
ამავდროულად, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულ დარტყმებს ქვეყნის მასშტაბით 10 ადამიანი ემსხვერპლა, 55 კი დაშავდა.
























