მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის გასვლის მიუხედავად, უკრაინა, თურქეთი და გაერო 16 გემის გადაადგილების გეგმაზე შეთანხმდა

635f72482d2f5
მარიამ ვარადაშვილი
31.10.22 10:53
348
მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება დატოვა, უკრაინა, თურქეთი და გაერო 16 გემის გადაადგილების გეგმაზე შეთანხმდა. საუბარია იმ გემებზე, რომლებმაც უკრაინის აკვატორია უკვე დატოვეს და ამჟამად თურქეთის წყლებში იმყოფებიან.

ივლისის შეთანხმების მთავარი გარანტორები თურქეთი და გაერო ამ გზით ცდილობენ გაგრძელდეს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი. მანამდე კი, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან ეს შეთანხმება მსოფლიოში სასურსათო კრიზისის საპასუხოდ იქნება მიღებული.

Reuters წერს, რომ შეთანხმების ფარგლებში ივლისიდან დღემდე ჯამში 9.5 მლნ ტონა მარცვლეულია ექსპორტირებული. თურქეთის, გაეროს, უკრაინისა და რუსეთის ჩართულობით ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრიც იყო შექმნილი, რომელიც პორტებიდან გასულ გემებს უწევდა ინსპექტირებას. რუსეთის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ გუშინ ოდესის პორტები არცერთ გემს არ დაუტოვებია, თუმცა გაერომ განაცხადა, რომ თურქეთთან და უკრაინასთან შეთანხმებას მიაღწიეს 16 გემის მარშრუტზე.

შეთანხმებიდან გასვლას წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება უძღოდა, რომ სევასტოპოლთან ახლოს უკრაინა დრონებით დაესხა თავს შავი ზღვის ფლოტს და ამაში ბრიტანელი საზღვაო “სპეციალისტები” დაეხმარნენ. დიდმა ბრიტანეთმა უარყო რუსეთის ეს ბრალდება, კიევს კი არც უარყვია და არც დაუდასტურებია ეს ინფორმაცია.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის შეთანხმებიდან გასვლის გამო, 218 გემი უკრაინის პორტებს ვერ ტოვებს. 

უკრაინამ და რუსეთმა 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები