"რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფერებს ეხება და თითქოსდა უვნებელია" - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათ შორის იყო დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების თემაც, რაც მისი მოსაზრებით მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს.
„მაგალითისთვის გეტყვით, საუბარი იყო იმაზე, რომ დონის უნივერსიტეტი დაძმობილებულიყო საქართველოს ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თითქოსდა ნამდვილად უვნებელი საკითხია, მაგრამ თუ დააკვირდებით და გააანალიზებთ, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. იმასაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ენერგია შემატოს და მისცეს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს.
ასე რომ, ჩვენ თუ ამას ყველაფერს შევაჯამებთ, რაც შეეხება ქართულ ღვინოს, სადაც ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის მიდგომა, რაც მათ ჩვენ გაგვაცნეს ხარისხთან მიმართებით, გნებავთ უკრაინის ომის დაფინანსების საკითხს, ანტირუსულ ნარატივს, ანდაც რაც შეეხება იმ ჰუმანიტარულ და თითქოსდა უვნებელ საკითხებს, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციას და მეტ ენერგიას აძლევს მას.
მე დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები არა მხოლოდ ავნებს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები აგრეთვე მნიშვნელოვანია და ავნებს რუსეთის მოსახლეობას“, - აღნიშნა ზურაბაშვილმა.
გიორგი ზურაბაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, მაინც საჭირო და აუცილებელია დიალოგი: "დიალოგი აუცილებელია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე რომელიც ჩვენს მოსახლეობას, მთავრობას ადარდებს, რომ ჩვენი ურთიერთობების დარეგულირებას და ტერიტორიების გაერთიანებას მივაღწიოთ".
"ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბზარზე" - გიორგი ზურაბაშვილი მიხაილ გალუზიანთან შეხვედრაზე
























