“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, 2023 წლის ოქტომბერში გამოკითხულთა მხოლოდ 18% უჭერს მხარს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოსვლას, 7% მათ მიერ ბიზნესის დარეგისტრირებას, 7% ქონების შეძენას, ხოლო 73% - არც ერთ ზემო ჩამოთვლილს.
კვლევის ანგარიშის თანახმად, შედეგები თითქმის იდენტურია 2023 წლის მარტისა და 2022 წლის სექტემბრის მონაცემებისა, როცა გამოკითხულთა 13-14% უჭერდა რუსეთის მოქალაქეების უვიზო შემოსვლას, 7-8% მათ მიერ ბიზნესის დარეგისტრირებას, 4-5% ქონების შეძენას, ხოლო 79-78% - არც ერთ ზემოჩამოთვლილს.
რაც შეეხება დემოგრაფიას, 18-დან 35 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გამოკითხულთა მხოლოდ 8% ემხრობა რუსეთის მოქალაქეების უვიზო შემოსვლას საქართველოში, 3% კომპანიის დარეგისტრირებასა და ქონების შეძენას, 83% კი - არც ერთს. რაც შეეხება 36-დან 55 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, მათი 70% ეწინააღმდეგება რუსეთის მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლას, ბიზნესების დარეგისტრირებასა და ქონების შეძენას. ამავეს ფიქრობს 56+ ასაკობრივ კატეგორიაში გამოკითხულთა 67%-იც.
ამავდროულად, რუსეთის მოქალაქეების უვიზოდ შემოსვლას გამოკითხული კაცების 68% არ უჭერს მხარს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უვიზო შემოსვლას, მათ მიერ კომპანიების დარეგისტრირებასა და ქონების შეძენას. ამავეს ფიქრობს გამოკითხული ქალების 78%-იც.
ცნობისთვის, კვლევაში საქართველოს 18 წელზე უფროსი 1200 მუდმივი რეზიდენტი მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს.