„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნული "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონპროექტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
როგორც მან თქვა, პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.
„თავად თემის გადაუდებლობის გამო, დაჩქარებული წესით განხილვას ვითხოვთ. საქმე ეხება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის რეჟიმთან დაკავშირებით დარეგულირებას და არა აკრძალვას. პროექტი რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს“, - ამბობს უსუფაშვილი.
მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით სავიზო რეჟიმი არ შეეხება იმ პირებს, ვისაც საქართველოსთან რეგულარული და მუდმივი კავშირი აქვს.
„ვეყრდნობით ოკუპაციის შესახებ კანონის ტერმინოლოგიას და ვითხოვთ იყოს სავიზო რეჟიმი, რომელიც არ შეეხება იმ პირებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და მოქალაქეობიდან გავიდნენ, ვინც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა და ასევე იმ პირებს, რომელთა ოჯახის წევრები და ნათესავები საქართველოს მოქალაქეები არიან და საქართველოში იმყოფებიან. ანუ სავიზო რეჟიმი არ შეეხება იმ პირებს ვისაც საქართველოსთან რეგულარული და მუდმივი კავშირი აქვს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება ვიზის გაცემას, პარლამენტარი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღიარონ.
„ასევე ვიზის გაცემის წინაპირობად, რომელიც საზღვარზე გამარტივებული წესით გაიცემა, მაგრამ მაინც ვიზამთ, წერილობითი დადასტურება იქნება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების მხრიდან, რომ იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმ ფაქტს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულია. ანუ იმას, რასაც დემოკრატიული სამყარო აღიარებს და რაც არაერთ დეკლარაციაში და საკანონმდებლო აქტში გვიწერია“, - განმარტა დავით უსუფაშვილმა.
ბიუროს ხდომაზე აღნიშნული ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას მხოლოდ ორმა პირმა დაუჭირა მხარი, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ იგი ჩვეულებრივი წესით განიხილება.