რუსეთის დუმაში საქართველოდან მინერალური წყლებისა და ღვინის იმპორტის აკრძალვაზე იმსჯელებენ.
Forbes.ru-ს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ვიცე-სპიკერმა გააკეთა და შესაბამისი წინადადებით ხელისუფლებას მიმართა.
სერგეი ნევეროვმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხიც დააყენონ და განიხილონ.
„საქართველოში რუსოფობიის ნიშნებია, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეებს - ამ ფონზე, მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები მიუღებელია; შესაბამისად, დღეს ღვინის, მინერალური წყლის და ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხზე ვიმსჯელებთ’’, - აღნიშნა ფრაქცია „ედინაია რასიას“ ვიცე-სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აიკრძალა.

























