Reuters-ის მიერ საბაზრო მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული გათვლებით, რუსეთის ნავთობის საექსპორტო სიმძლავრეების მინიმუმ 40% ამჟამად გაჩერებულია. მიწოდების შეფერხების ძირითადი მიზეზები უკრაინული დრონების იერიშები, სტრატეგიულ მილსადენებზე განხორციელებული თავდასხმები და საერთაშორისო წყლებში ტანკერების დაკავების ფაქტებია.
აღსანიშნავია, რომ ეს არის რუსეთის თანამედროვე ისტორიაში ნავთობის მიწოდების ყველაზე მასშტაბური შეფერხება, რაც მოსკოვს სერიოზულ ეკონომიკურ დარტყმას აყენებს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ირანის ომის გამო ნავთობის ფასი მკვეთრადაა გაზრდილი, ქვეყნები კი მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში უკრაინამ რუსეთის დასავლეთით მდებარე სამივე უმსხვილეს საექსპორტო პორტზე, მათ შორის ნოვოროსიისკზე, პრიმორსკსა და უსტ-ლუგაზე იერიშები გააძლიერა. Reuters-ის გათვლებით, მწყობრიდანაა გამოსული დღეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
პარალელურად, შეფერხებულია „დრუჟბას“ მილსადენის მუშაობაც, რომელიც უნგრეთსა და სლოვაკეთს უკრაინის გავლით ამარაგებს. როგორც ირკვევა, კიევის სტრატეგია რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაა. იმ შემოსავლების, რომელთა მეოთხედიც ნავთობისა და გაზის გაყიდვებზე მოდის და რომელსაც კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად იყენებს.
დასავლეთის მიმართულებით საექსპორტო მარშრუტების ბლოკირების გამო, მოსკოვი იძულებულია აქცენტი აზიურ ბაზრებზე გადაიტანოს, თუმცა ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურული გამტარუნარიანობა ლიმიტირებულია. შეუფერხებლად მუშაობენ მხოლოდ ჩინეთისკენ მიმავალი მილსადენები და შორეული აღმოსავლეთის პორტები, თუმცა ამ გზით ჯამურად დღეში მხოლოდ 1.9 მილიონი ბარელის ექსპორტი ხერხდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპაში რუსეთთან დაკავშირებული ტანკერების ხშირმა დაკავებამ არქტიკული ნავთობის ექსპორტიც შეაფერხა.




























